ე.წ ქართული მარში

ე.წ ქართული მარში 23 ივლისს ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქციას გეგმავს

ე.წ ქარული მარში 23 ივლისს ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქციას გეგმავს. ნეოფაშისტური მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი და თათია დოლიძის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარის ავტორი კონსტანტინე მორგოშია Facebook-ში წერს, რომ 23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე ევროპული საქართველოს დაგეგმილ აქციას არ დაუშვებს.

"SOS!!! SOS!!! SOS!!! გაიზიარეთ ყველამ!!! გადაწყდა!!! 23 ივლისს, 19:00-ზე მთელი საქართველო ვიკრიბებით ბოკერიას და მისი მოღალატე თანამოაზრეების დასახვედრად!!! 23 ივლისი თანამედროვე დიდგორის ბრძოლაა!!! 

P.S გიგა ბოკერია, შენ თუ 23 ივლისს აღმაშენებელზე გაიარო... მე ვიყო მიშა სააკაშვილი" - წერს მორგოშია და ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორების მიმართვას აქვეყნებს.

"მოგმართავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის ყველა პატრიოტს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამაყობს, რომ ქართველია. 23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე რკინიგზელთა სახლთან, 19:00-ზე მობრძანდით, რათა არ დავუშვათ ეს სამარცხვინო მსვლელობა. ის ხალხი, ვინც ამ მსვლელობას აპირებენ, არიან ქვეყნის მოღალატენი და არცხვენენ ჩვენი წინაპრების სახელს" - წერია მიმართვაში.

"არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში" - ამ სახელწოდების აქცია ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა. მსვლელობა 23 ივლისს, 20:00-ზე გაიმართება. აქციის მონაწილეები აღმაშენებლის და თამარ მეფის ქუჩების კვეთაზე აპირებენ შეკრებას.

"ჩვენ, მთელი საზოგადოება დავდგებით და მტკიცედ ვიტყვით, რომ არ მივიღებთ ძალადობას, როგორც ქართველობის ვერსიას“ - ამბობს ელენე ხოშტარია და ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორების მხრიდან თათია დოლიძეზე მუქარის ფაქტს „უკიდურესად საგანგაშო მოვლენას“ უწოდებს.

ცნობისთვის, ე.წ ქართული მარში აღმაშენებლის გამზირზე 14 ივლისს გაიმართა. მათ მოითხოვეს, საქართველო დატოვონ არალეგალმა მიგრანტებმა. აქცია Facebook-ში გააკრიტიკა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილმა წარმომადგენელმა თათია დოლიძემ, რის შემდეგაც, მას ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები - კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი, გიორგი ონიანი და რამაზ გაგნიძე ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ. სწორედ ამის შემდეგ დააანონსა რუსული ფაშიზმის საწინააღმდეგო აქცია ელენე ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდა საგანგაშო მასშტაბებს აღწევს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მუქარის შემცველი კომენტარები გუშინ ქალთა სოლიდარობის აქციაზეც გააპროტესტეს. 

კომენტარები