ე.წ ქართული მარში

გია კორკოტაშვილი გამოკითხვაზე იმყოფება

ე.წ ქართველთა მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე თათია დოლიძის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარას ეხება. კორკოტაშვილმა თბილისის მთავარ სამმართველოში შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ის გამოკითხვაზე გუშინაც იყო დაბარებული, თუმცა, არ გამოცხადდა.

ასევე, როგორც ცნობილია, თათია დოლიძის საქმესთან დაკავშირებით გუშინ გამოძიებამ დაკითხა ე.წ ქართველთა მარშის სხვა ორგანიზატორები - ბექა ვარდოსანიძე და რამაზ გაგნიძე. მათი მტკიცებით, თათია დოლიძის შეურაცხმყოფელი არაფერი დაუწერიათ. 

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ე.წ ქართველთა მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამდნენ. შს სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.

ნეოფაშისტური ჯგუფის წევრები თავდაპირველად ამბობდნენ, რომ კომენტარები ფოტოშოპით იყო გაკეთებული და სინამდვილეში მათ ეს არ დაუწერიათ. ამასთან, გია კორკოტაშვილის შვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ მამამისს სოციალური ქსელის ანგარიში გაუტეხეს და კომენტარები, შესაბამისად, სხვამ დაწერა. გუშინ, კორკოტაშვილმა აღიარა, რომ კომენტარები მას ეკუთვნის, თუმცა, მისი მტკიცებით, ეს მუქარა არ ყოფილა.

კომენტარები