UNESCO - ბაგრატის ტაძარი

UNESCO-მ ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო

Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო. გადაწყვეტილება ამის შესახებ ორგანიზაციამ დღეს დილით გამართულ სხდომაზე გაასაჯაროვა. 

ტაბულა დაუკავშირდა კულტურის სამინისტროს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ისტორიული ძეგლი ნუსხიდან მართლაც ამოიღეს. ბაგრატის ტაძრის ისტორიული ნუსხიდან ამოღებას სამინისტრო 2010 წელს ჩატარებულ რეკონსტრუქციას უკავშირებს. 

"ბაგრატის ტაძარი რომ ამოვარდებოდა ნუსხიდან, ეს არის 7 წლის წინანდელი ამბავი, როდესაც Unesco-მ თავიდანვე თქვა, რომ ის უხეში ჩარევა, რომელიც განხორციელდა, იყო შეუსაბამო. ასე რომ, დიახ, ბაგრატი ამ ნუსხიდან ამოვიდა. ეს გამოიწვია უხეშმა რესტავრაციამ, რეკონსტრუქციამ 2010 წელს, რაზეც თავის დროზე მიუთითა Unesco-მ და გადაიტანა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში,"- აცხადებს სამინისტრო.

კულტურის სამინისტროს ცნობით, მათ მოახერხეს, რომ გელათი დარჩენილიყო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. 

"ბაგრატი და გელათი ერთად იყვნენ ნომინაციაში. სამინისტრომ, ამ შემთხვევაში, საქართველომ მოახერხა, რომ ეს ნომინაცია გაეყო და გელათი დაეტოვებინა ნუსხაში, თუმცა ამ შემთხვევაში, იმ უხეშ ჩარევას, რომელიც მოხდა ბაგრატის შემთხვევაში, Unesco-მ მხარი არ დაუჭირა,"- განმარტავენ უწყებაში. 

კომენტარები