UNESCO - ბაგრატის ტაძარი

UNESCO-ს გადაწყვეტილება ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის 37-ე სესიის გადაწყვეტილებით, მცხეთის კულტურის ძეგლები, ასევე ბაგრატისა და გელათის ტაძრები საფრთხის წინაშე მდგარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში რჩება. თუმცა, კომიტეტი საქართველოს გელათის, როგორც ძეგლის, ბაგრატისგან განცალკევებისთვის და ნუსხაში მისი ცალკე შეტანის დასაბუთების მომზადებისთვის ვადას აძლევს.

კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ის „ღრმა მწუხარებას გამოხატავს“ ბაგრატის ტაძრის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რადგან შესრულებული სამუშაოებმა „ორიგინალური ნაშენი იმ დონეზე  შეცვალა, რომ მისი ავთენტურობა შეუქცევადად განადგურდა და ბაგრატის ტაძარი აღარ შეესაბამება კრიტერიუმებს, რის გამოც იქნა შეყვანილი მსფოლიო მემკვიდრეობის ნუსხაში“. კომიტეტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელსუფლებას არ შეუსრულებია იუნესკოს 2011 წლის რეკომენდაციები ტაძრის ავთენტურობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.  

კომიტეტმა საქართველოს სთხოვა, 2014 წლის 1-ლ თებერვლამდე ძეგლის (ბაგრატი-გელათის) ახალი საზღვრების და გელათის, როგორც დამოუკიდებელი ძეგლის, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასაბუთება წარმოადგინოს.

საქართველოს კულტურის სამინისტრო თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ UNESCO-ს კომიტეტის  სესიამ, ბაგრატსა და გელათთან დაკავშირებით, შარშანდელ 36-ე სესიაზე შემუშავებული რეზოლუცია განხილვის გარეშე დაამტკიცა. ეს რეზოლუცია კი „ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებას და გელათის რენომინაციის მომზადებას“ ითვალისწინებს.

„UNESCO გამოხატავს კეთილ ნებას გელათის საკითხთან დაკავშირებით, ქართულ მხარეს სთხოვს გელათის მსოფლიო მნიშვნელობის ძლიერ დასაბუთებას და მის ხელახალ წარდგენას“, - ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყება აღნიშნავს, რომ „კომიტეტი გარანტიას არ იძლევა, რომ გელათიც არ ამოვარდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან“, თუმცა, კომიტეტის გადაწყვეტილების ტექსტში ასეთი რამ მითითებული არ არის.  

როგორც, თავის მხრივ, კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა, ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, სულ მცირე, კიდევ ერთი წელი დარჩება და ხელისუფლებამ „ეს დრო იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ ეს საკითხი საერთოდ მოხსნას დღის წესრიგიდან“.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37-ე სესია 17 ივნისს კამბოჯაში გაიხსნა. კულტურის სამინიტროს ცნობით, სესიაზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება ქართული დელეგაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ICOMOS საქართველოს ორგანიზაციის გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი რუსუდან მირზიკაშვილი. 

კომენტარები