დისკრიმინაცია

Success Bar: ქურდობის გამოძიება, დისკრიმინაციული ნიშნით, არასათანადოდ მიმდინარეობს

Facebook/ Nia Gvatua

თბილისში მდებარე Success Bar-ის მფლობელი ნია გვატუა ამბობს, რომ მისი ბარის გაქურდვასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას არასათანადოდ აწარმოებს და ამის მიზეზი ის არის, რომ ბარს ლგბტქ თემის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

გვატუა Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს პოსტს, სადაც ყვება, რომ 6 დღის წინ Success Bar-ი გაქურდეს და წაიღეს $7000 ღირებულების სასმელი, ტექნიკური მოწყობილობები და ფული. გვატუა ამბობს, რომ მძარცველები მარტივად თიშავენ სიგნალიზაციას. გვატუას თქმით, პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ ძარცვის შესახებ ინფორმაცია არ გაევრცელებინა, რადგან შესაძლო იყო, ამით გამოძიებას ხელი შეშლოდა. 

ნია გვატუა ამბობს, რომ მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და გამომძიებელს უთხრა, თუ ვისზე ჰქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რის შემდეგაც, გვატუას მტკიცებით, გამომძიებელი მობილურ ტელეფონს აღარ პასუხობს და არც თავად უკავშირდება. 

"ჩემი ახლობელი ყოფილი პროკურორი ჩავრიე, რომ საქმე წინ წასულიყო, მას პოლიციის შიდა წრიდან მიუვიდა ინფორმაცია, რადგან ლგბტქ ადამიანები დადიან ამ ბარში, გამომძიებლები დიდი ენთუზიაზმით არ არიან განწყობილებიო. ამ ამბის გარკვევიდან, ისევ დავუკავშირდი გამომძიებელს და ვუთხარი, თუ გამოძებას ყურადღებით არ მოეკიდებოდა, სხვადასხვა ორგანიზაციას ჩავრთავდი. ამაზე საკმაოდ უხეშად მიპასუხა გამომძიებელმა, აქ მეორედ აღარ დარეკო, ვის ემუქრებიო,"- წერს გვატუა. 


"ტაბულა" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ გამოძიება არ შეწყვეტილა და მიმდინარეობს. 

"ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს, პოლიცია ყოველთვის იქნება უკანონობის წინააღმდეგი და დაიცავს კანონს. გამოძიება არის დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც გულისხმობს ქურდობას, ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ყველა ზომა ტარდება შედეგის მისაღებად,"- აცხადებს უწყება. 

კომენტარები