პოლიეთილენი

პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც პოლიეთილენის პარკებს კრძალავს

flickr.com

საქართველოს პარლამენტში შევიდა გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ცელოფანის/პოლიეთილენის პარკების მოხმარების ეტაპორბივი აკრძალვაა დაგეგმილი. ამავდროულად შეიქმნება მოთხოვნები ბიოდეგრადირებადი პარკების მიმართ. 

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ უნდა დაამტკიცოს სპეციალური ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლებიდან გამომდინარე განსხვავებულ პარკებს განსხვავებული რეგულაციები დაუწესდებათ. ცვლილების მიხედვით განიხილება რომ მეწარმეებს, ვინც კანონის მოტხოვნებს დაარღვევენ დაუწესდეთ 500 ლარიანი ჯარიმა და ასევე ჩამოერთვათ საქონელი. 

სამუშაო დოკუმენტის შესახებ ტაბულას გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვიკა მეტრეველი ესაუბრა. მისი თქმით, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში პლასტიკის პარკების მოხმარების ეტაპობრივი შემცირება იგეგმება, რის გამოც ეტაპობრივად, აიკრძალება ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების წარმოება და იმპორტი.

პოლიეთილენის პარკების ეტაპობრივი აკრძალვის გეგმა ასე გამოიყურება: (სამუშაო დოკუმენტის მიხედვით)

  1. 2017 წლის პირველი სექტემბრიდან აიკრძალოს 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების იმპორტი და წარმოება. (ეს ყველაზე თხელი ტიპის ერთჯერადი პარკებია)
  2. 2018 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალოს 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების იმპორტი და წარმოება (ეს შედარებით სქელი ტიპის ერთჯერადი პარკებია)
  3. ჯამში აკრძალვაში ექცევა პოლიეთილენის პარკების 40%
  4. სამინისტროს ინფორმაციით, მათ ცვლილებები ადგილობრივ მწარმოებლებს უკვე გააცნეს. 

ევროკომისიის მიერ 2013 წელს შედგენილი დირექტივისა და ევროპარლამენტის მიერ 2014 წელს გამოცემული აქტის თანახმად, პოლიეთილენის პარკების, რომელთა სისქეც 50 მიკრონზე ნაკლებია 2017 წლის ბოლოსთვის 50%-ით, 2019 წლის ბოლოსთვის კი 80%-ით შემცირებაა დაგეგმილი.  

კომენტარები