რძის ნაწარმის რეგლამენტი

1 ივლისიდან რძის ფხვნილით დამზადებული პროდუქტის ყველის სახელით გაყიდვა იკრძალება

flickr.com

არის თუ არა აღდგენილი რძისგან (რძის ფხვნილისგან) დამზადებული ყველი ყველი? - მთავრობის შეფასებით არა. რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილებების მიხედვით, 1 ივლისიდან მშრალი რძის მეშვეობით წარმოებული პროდუქტის ყველის სახელით ბრენდირება იკრძალება.

მეწარმეები რძის ფხვნილს ყველის წარმოებაში ძირითადად ხარჯების შემცირებისთვის იყენებენ. რძის ფხვნილი რძისგან განსხვავებით ბევრად კომპაქტურია და მისი შენახვის ხარჯებიც რძესთან შედარებით ბევრად დაბალია. არაა გამორიცხული რომ ახალმა რეგულაციამ ბაზარზე ყველის ღირებულების ზრდას ხელი შეუწყოს. 

მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებებით დაზუსტდა კარაქისათვის არსებული მოთხოვნები. კერძოდ კი შემცირებული ცხიმის შემცველობის კარაქში იმისთვის რათა ის კარაქის სახელით იქნეს ბრენდირებული რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არა უმეტეს 79%-ს უნდა შეადგენდეს. ამასთანავე, ძალაში რჩება რეგლამენტის მოთხოვნა, რომ დაუშვებელია, ეტიკეტზე ტერმინ "კარაქის" გამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებაში გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა. 

2015 წლის პირველი აგვისტოდან ძალაში შევიდა "რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი", რომლის მიხედვითაც რძის ნაწარმის ეტიკეტზე წარწერა: რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვა, გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. იმ შემთხვევაში, თუკი პროდუქტი შეიცავს მცენარეულ ცხიმებს და მის ეტიკეტზე არის მითითებული ზემოთ ჩამოთვლილი, მაშინ მისი მწარმოებელი ჯარიმდება. რეგლამენტი სრულად 2016 წელს ამოქმედდა.

 

კომენტარები