აფგან მუხთარლის საქმე

საერთაშორისო NGO-ები: მუხთარლის გატაცება შავი ლაქაა საქართველოს რეპუტაციისთვის

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საქართველოს პრემიერს და პარლამენტს მიმართავენ და საქართველოს ნაკისრ ვალდებულებებს ახსენებენ.

წერილში, რომელსაც ხელს 23 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, აღნიშნულია, რომ „აფგან მუხთარლის გატაცება შავი ლაქაა საქართველოს რეპუტაციისთვის, როგორც ქვეყნის, რომელიც კავკასიის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ლიდერია“.

პრემიერმა კვირიკაშვილმა დღეს ამ წერილის შესახებ კითხვას არ უპასუხა და გამოძიების მიმდინარეობაზე ზოგადი კომენტარით შეიმოიფარგლა.

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ კვირიკაშვილსა და საქართველოს პარლამენტს ახსენებენ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და მიუთითებენ, რომ მუხთარლის გატაცება და არალეგალური დეპორტაცია, მაშინ, როცა ის საქართველოში თავშესაფარს ითხოვდა, საერთაშორისო კანონმდებლობის ცხადი დარღვევაა.

„ევროკონვენციის მესამე მუხლი ნათლად ავალდებულებს ქვეყნებს რომ პირი არ გააძევონ ან გადასცენ ქვეყანას, სადაც არის რეალური რისკი, რომ ის შეიძლება აწამონ ან არაადამიანურად მოეპყრან. ამრიგად, საქართველოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელების უსაფრთხოება და არ დაუშვას მათი დაბრუნება სამშობლობში“.

საერთაშორისო NGO-ები ამბობენ, რომ მუხთარლის გატაცება, მისი წამების რისკთან ერთად, წარმოშობს საშიშ პრეცენდენტს, რომელიც ემუქრება იმ ათობით აზერბაიჯანელ აქტივისტს, რომელიც თავს საქართველოს აფარებს.

„უკანასკნელ წლებში აზერბაიჯანი მრავალმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა, ადამიანის უფლებების დამველმა და სამოქალაქო აქტივისტმა დატოვა, რათა გაქცეოდა რეპრესიებს, მაგრამ ისინი სულ უფრო ხშირად ხდებიან შევიწროებისა და სამართლებრივი დევნის სამიზნე. მათ იმედი ქონდათ, რომ საქართველოში უსაფრთხოებას იპოვიდნენ, გარემო ახლა კი მუდმივ შიშში უნდა იცხოვრონ, რომ სამშობლოში არალეგალურად დააბრუნებენ“, - ვკითხულობთ წერილში.

NGO-ები მიესალმებიან მუხთარლის „უკანონო გატაცების“ საქმეზე გამოძიების დაწყებას და იმედს იტოვებენ, რომ ის ნათელს მოფენს როგორც გამტაცებელთა ვინაობას, ასევე მომხდარში საქართველოს ხელისუფლების შესაძლო მონაწილეობის საკითხს.

„საჭიროა ნათელი გზავნილი, რომ მეზობელი ქვეყნის უკანონო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე მისაღები არ იქნება და რომ ყველა საჯარო მოხელე, რომელიც შეიძლება მონაწილეობდეს მსგაცს მძიმედარღვევაში, პასუხს აგებს“ - აღნიშნულია წერილში.

 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უყენებს.

ამჟამად მუხთარლი 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. თბილისსა და აზერბაიჯანში კი საპროტესტო აქციები იმართება. 

საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები