The Putin Interviews

სტოუნმა კოლბერის შოუში პუტინზე გადაღებული ფილმი დაიცვა, აუდიტორიამ კი მას დასცინა

Komandir/Showtime

ამერიკელი რეჟისორი ოლივერ სტოუნი უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესახებ დოკუმენტური ფილმის (The Putin Interviews) გადაღებაზე მუშაობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან პუტინთან 10-ზე მეტი ინტერვიუ ჩაწერა. ფილმი 4 ნაწილად არის გადაღებული და პირველი ნაწილის პრემიერა 12 ივნისს გაიმართა, მეორე ნაწილს კი ხვალ ელიან. ფილმი საკმაოდ კონტროვერსული გამოდგა პუტინის შესახებ თავად სტოუნის კომენტარებისა და ძალიან დადებითი დამოკიდებულების გამო.

ორშაბათს, ოლივერ სტოუნი სტივენ კოლბერის ღამის შოუში იყო მიწვეული, სადაც კოლბერმა აღნიშნა, რომ სტოუნი არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა ინტერვიუების დროს პუტინისადმი მეტისმეტად თბილი დამოკიდებულების გამოვლენის გამო - სტოუნის თქმით, ის უბრალოდ ზრდილობიანი და მოკრძალებული იყო რუსეთის პრეზიდენტის მიმართ.

პუტინის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და ქვეყნის მართვის დიქტატორულ სტილზე დასმულ კითხვებსაც სტოუნი საკმაოდ მშვიდად პასუხობდა. მსგავსი კითხვების შემდეგ სტოუნმა კოლბერს ფილმის ნახვისკენ მოუწოდა.

"ვფიქრობ ჯერ ფილმი უნდა ნახო. პუტინი ქვეყნის მმართველია, მას საკუთარი ინტერესები აქვს რუსეთისთვის, რომელსაც მე პატივს ვცემ. ასევე კარგად მესმის თუ რატომ იქცევა ის ასე. პუტინი ძლიერი ნაციონალისტია. 2000 წლიდან დღემდე ის უბრალოდ ხაზს უსვამდა იმას, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა აშშ-სთან. არასდროს გამიგია მისგან ცუდი აშშ-ზე. პუტინი ყოველთვის ცდილობდა ამერიკასთან დაემყარებინა ურთიერთობა. ის ყოველთვის ეძახდა აშშ-ს პარტნიორს. მას ახლაც სურს პარტნიორობა. დარწმუნებული ვარ, რომ მას აშშ-სთან ახლაც შეუძლია კარგი ურთიერთობის დამყარება", - მიმართა სტოუნმა კორბინს.

სტოუნმა ისიც აღნიშნა, თუ რამდენად მშვიდი ადამიანი პუტინი და რამდენად ღირსეულად ეგუება მედიის მხრიდან კრიტიკას.

"მას არასდროს არავიზე არაფერი ცუდი არ უთქვამს. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ძალიან ბევრს უთქვამს ცუდი. მას შეურაცხყოფენ და ცუდად ექცევიან. უსამართლოდ აკრიტიკებენ და შეურაცხყოფენ პრესასა და მედიაში, თუმცა ის არ ბრაზდება ამაზე", - თქვა სტოუნმა

სტოუნის ამ განცხადებას, სტუდიაში მყოფი აუდიტორიისგან სიცილი მოყვა. კოლბერმა კი კითხა, თუ შეუძლია რაიმე ცუდის გახსენება პუტინზე, "თუ პუტინს უბრალოდ თქვენი ძაღლი ყავს, სადმე გალიაში" - კითხა კოლბერმა სტოუნს, ამ კითხვას აუდიტორიის ტაში მოყვა.

"რატომ გაქვთ ასეთი დამოკიდებულება რუსეთისადმი? რატომ ხართ მის წინააღმდეგ განწყობილი? არ მესმის ასეთი დამოკიდებულება", - უპასუხა თვალნათლივ იმედგაცრუებულმა სტოუნმა.

პუტინის შესახებ გადაღებული ფილმის გარდა ოლივერ სტოუნს პრეზიდენტებთან არაერთხელ აქვს ნამუშევარი. სტოუნს გადაღებული აქვს ტრილოგია აშშ-ის პრეზიდენტებზე - JFK (ჯონ კენედის შესახებ), Nixon (რიჩარდ ნიქსონის შესახებ) და W (ჯორჯ ბუში უმცროსის შესახებ). გარდა ამისა, სტოუნს დოკუმენტურ ფილმებზე უმუშავია ფიდელ კასტროსა და უგო ჩავესთანაც.

კომენტარები