რუსეთი

მოსკოვის სასამართლომ ნავალნის 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

AFP

მოსკოვის სიმონოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

ნავალნი გუშინ საკუთარი სახლის სადარბაზოში დააკავეს, როდესაც ის კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე მიდიოდა.

ნავალნის ბრალად ედება პოლიციის თანამშრომლებისთვის დაუმორჩილებლობა და მასობრივი აქციის ორგანიზების წესების დარღვევა. 

რუსეთის პოლიციის ცნობით, აქციის ორგანიზატორებმა მოსკოვის ხელისუფლებასთან შეათანხმეს, რომ აქცია სახაროვის გამზირზე გაიმართებოდა, თუმცა აქციის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე ნავალნიმ განაცხადა, რომ აქცია კრემლთან ახლოს, ტვერსკაიას ქუჩაზე გაიმართებოდა. 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნავალნის გარდა გუშინ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, ანტიკორუფციულ აქციებზე 650 ადამიანი დააკავეს. პოლიტიკური დევნის მონიტორინგის ორგანიზაციის ცნობით კი, მოსკოვში 730 ადამიანი, სანკტ-პეტერბურგში კი 300 ადამიანი დააკავეს.

ევროკავშირმა რუსეთის ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებისკენ უკვე მოუწოდა.

კომენტარები