რეპერების დაკავება

სააპელაციო სასამართლო დაკავებული რეპერების საქმეს დღეს განიხილავს

მიხეილ მგალობლიშვილი (Young mic) და გიორგი ქებურია (Kay G)
Facebook/ Young mic

სააპელაციო სასამართლო დაკავებული რეპერებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს დღეს განიხილავს. დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 9 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი 14:00-ზე მიშკა მგალობლიშვილის საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით, ხოლო 15:00-ზე - გიორგი ქებურიასი. 

ცნობისთვის, 9 ივნისს, ბირჟა მაფიას წევრებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 9 და 10 ივნისს, დაკავებული რეპერების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. 10 ივნისის საღამოსვე, ბირჟა მაფიას მხარდაჭერა გამოუცხადა ბერა ივანიშვილმა.

გუშინ, 11 ივნისს, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარე მიშკა მგალობლიშვილისთვის და გიორგი ქებურიასთვის აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას დათანხმდა. 

"ბირჟა მაფიას" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 7 ივნისს დააკავეს. მათ შსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებულები კი, პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებენ და მათ დაკავებას ბირჟა მაფიას ბოლო კლიპს უკავშირებენ, რომელშიც პოლიციელი მუხლებზე დგას და თოკზეა გამობმული.

კომენტარები