რეპერების დაკავება

ხვალ მოქალაქეები პარლამენტის ძველ შენობასთან რეპერების დაკავებას გააპროტესტებენ

ხვალ, 10 ივნისს, "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით, მოქალაქეები "ბირჟა მაფიას" რეპერების დაკავებას გააპროტესტებენ. 

აქცია 19:00 საათზე რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება, საიდანაც მოქალაქეები მსვლელობით გადაადგილდებიან საქართველოს პარლამენტის ძველ შენობასთან. 

"ბირჟა მაფიას" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 2 დღის წინ დააკავეს. მათ შსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ გიორგი ქებურია (Kay G) ბრალს აღიარებდა, თუმცა, როგორც "ტაბულას" რეპორტიორი ადგილიდან იტყობინება, ამ დროისთვის არცერთი რეპერი ბრალს არ აღიარებს. მათი თქმით, სამართალდამცველებმა აღიარებით ჩვენებაზე ხელი დაშინებით მოაწერინეს. 

რეპერები პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებენ და მათ დაკავებას ბირჟა მაფიას ბოლო კლიპს უკავშირებს, რომელშიც პოლიციელი მუხლებზე დგას და თოკზეა გამობმული. როგორც მიშკა მგალობლიშვილმა (Young mic) დღევანდელ პროცესზე თქვა, პოლიციელებმა მას უთხრეს - "ვიღაც ძალიან გააღიზიანე და დაისჯებიო". მისი თქმით, "ასევე მელაპარაკებოდნენ კლიპზე და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ". დაკავებულის თქმითვე, პოლიციელმა მას უთხრა, რომ "ვინც პოლიციას ასე წარმოაჩენს, აუცილებლად დაისჯება".

ჩასწორებული ვიდეო, სადაც მუხლზე მდგარი და თოკზე გამობმული პოლიციელი უკვე დაფარულია, 4 ივნისსაა ატვირთული და 126 000 ნახვა აქვს.

კომენტარები