რეპერების დაკავება

სასამართლომ "ბირჟა მაფიას" კიდევ ერთი წევრი Kay G წინასწარ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ბირჟა მაფიას" წევრს გიორგი ქებურიას (Kay G) აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქებურიამ ბრალი აღიარა, თუმცა "ტაბულას" რეპორტიორის ცნობით, ამ დროისთვის გიორგი ქებურია ბრალს არ აღიარებს. რეპერების თქმით, მათ აღიარებით ჩვენებაზე ხელი დაშინებით მოაწერინეს. 

"ბირჟა მაფიას" კიდევ ერთ წევრს მიშკა მგალობლიშვილს (Young mic) დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად ასევე პატიმრობა შეუფართა. ბრალდების მხარის განცხადებით, "უკონტროლო საზღვრები გვაქვს და შეიძლება, ქვეყნიდან გაიქცეს". დაცვის მხარე კი, 50 000-იანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ორივე საქმის არსებითი განხილვა 27 ივნისს გაიმართება. 

"ბირჟა მაფიას" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 2 დღის წინ დააკავეს. მათ შსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

მიშკა მგალობლიშვილი პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს და მის დაკავებას ბირჟა მაფიას ბოლო კლიპს უკავშირებს, რომელშიც პოლიციელი მუხლებზე დგას და თოკზეა გამობმული. როგორც მგალობლიშვილმა დღევანდელ პროცესზე თქვა, პოლიციელებმა მას უთხრეს - "ვიღაც ძალიან გააღიზიანე და დაისჯებიო". მისი თქმით, "ასევე მელაპარაკებოდნენ კლიპზე და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ". დაკავებულის თქმითვე, პოლიციელმა მას უთხრა, რომ "ვინც პოლიციას ასე წარმოაჩენს, აუცილებლად დაისჯება".

კომენტარები