რეპერების დაკავება

ბირჟა მაფიას კლიპი იუთუბის ტრენდინგში ამ მომენტში მეათე ადგილზეა

პაროდიულ-სატირული ჰიპ-ჰოპ პროექტ "ბირჟა მაფიას" კლიპი იუთუბის ტრენდინგში ამ მომენტში მეათე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეო ერთ-ერთი ყველაზე ყურებადია. ტრენდინგი ქვეყანაში კონკრეტული ვიდეოს პოპულარობას განსაზღვრავს.

ჩასწორებული ვიდეო, სადაც მუხლზე მდგარი და თოკზე გამობმული პოლიციელი უკვე დაფარულია, 4 ივნისსაა ატვირთული და 126 000 ნახვა აქვს.

დაკავებულმა რეპერმა მიშკა მგალობლიშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ პოლიციელმა მას უთხრა, "ვინც პოლიციას ასე წარმოაჩენს, აუცილებლად დაისჯება". ასევე, მისი თქმით, სამართალდამცველებმა უთხრეს, "ვიღაც ძალიან გააღიზიანე და იმისთვის დაისჯებიო". მგალობლიშვილის თქმით, ელაპარაკებოდნენ კლიპზე და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

როგორც მიშკა მგალობლიშვილმა თქვა, პოლიციამ მას ნარკოტიკი, "ფერადი ტაბლეტები" ჩაუდო. დაკავებული ასევე ამბობს, რომ პოლიციამ მას დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო დეტექტივმა თავის არეში ჩაარტყა. მგალობლიშვილის თქმით, მას შეუძლია მოძალადე პირების იდენტიფიცირება.

ბირჟა მაფიას დაკავებულ წევრებს მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას პოლიცია ნარკოტიკ MDMA-ს დიდი ოდენობით შეძენა-შენახვას ედავება. სასამართლომ მგალობლიშვილი პატიმრობაში დატოვა. ქებურიას პროცესი ცალკეა ჩანიშნული. შსს-ს ცნობით, მან ბრალი აღიარა.

კომენტარები