რეპერების დაკავება

დაკავებული რეპერისთვის პროკურატურა პატიმრობას, დაცვის მხარე - გირაოს ითხოვს

პროკურატურა პაროდიულ-სატირული ჰიპ-ჰოპ პროექტ "ბირჟა მაფიას" წევრის მიშკა მგალობლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ბრალდების მხარის განცხადებით, დაკავებული რეპერი გათავისუფლების შემთხვევაში მიმალვას შეეცდება. დაცვის მხარე კი, მიშკა მგალობლიშვილისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

"ბირჟა მაფიას" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 2 დღის წინ დააკავეს. მათ შსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დალავებულებს 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

გიორგი ქებურია ბრალს აღიარებს და მისი სასამართლო პროცესი ცალკე, დღეს, 17:30-ზე გაიმართება.

მიშკა მგალობლიშვილი კი, პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს და მის დაკავებას ბირჟა მაფიას ბოლო კლიპს უკავშირებს,  რომელშიც პოლიციელი მუხლებზე დგას და თოკზეა გამობმული. როგორც მგალობლიშვილმა დღევანდელ პროცესზე თქვა, პოლიციელებმა მას უთხრეს - "ვიღაც ძალიან გააღიზიანე და დაისჯებიო". მისი თქმით, "ასევე მელაპარაკებოდნენ კლიპზე და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ". დაკავებულის თქმითვე, პოლიციელმა მას უთხრა, რომ "ვინც პოლიციას ასე წარმოაჩენს, აუცილებლად დაისჯება".

ნახეთ დეტალურად დაკავებული რეპერის ჩვენება.

კომენტარები