მღებრიშვილი მუხთარლიზე: სამართალდამცავებს უარგუმენტოდ ადანაშაულებენ

გიორგი მღებრიშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, მუხთარლი მწვანე საზღვარზე დააკავეს, როდესაც ბელაქანის რაიონის მიმართულებით მიდიოდა და დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა მიჰქონდა.

"ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი შეიძლება, ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს. აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, აფგან მუხთარლის შემთხვევაში სწორედ მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე", - ამბობს მღებრიშვილი.

მღებრიშვილის თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფგან მუხთარლის მიერ საზღვრის გადაკვეთა მისი პირველი მცდელობა არ იყო.

"მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფგან მუხთარლის ჰქონდა საზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთის წინასწარ შემუშავებული სქემა, რომ ეს არ იყო პირველი პრეცენდენტი და იგი რეგულარულად ახორციელებდა არადეკლარირებული უცხოური ვალუტის კონტრაბანდული გზით შეტანას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ჩვენ ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ აღნიშნულ გარემოებებს. გამოძიებით ჯერჯერობით დადგენილი არ არის ამ ვერსიის უტყუარობა, ასევე ის, ჰქონდა თუ არა რაიმე წინასწარი ინფორმაცია აზერბაიჯანულ მხარეს და ახორციელებდნენ თუ არა საზღვრის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გაძლიერებულ კონტროლს. პარალელურად, განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს აფგან მუხთარლის მეუღლე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი ლეილა მუსტაფაევა და მუთხარლის ადვოკატი.

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ის თბილისიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს. მისი თქმით, თავდასხმელებს სამოქალაქო სამოსი ეცვათ და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ, მუხთარლის ადვოკატის განცხადება სრულიად ცალმხრივად და დაუსაბუთებლად იქნა ატაცებული გარკვეული პირების მხრიდან და ყოველგვარი ფაქტობივი მტკიცებულებების, დასაბუთების გარეშე ხდება ამ ვერსიის ტირაჟირება. ჩვენ კარგად გვესმის ზოგიერთი ჩვენი მოქალაქისა და ორგანიზაციის ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, თუმცა, ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, არასწორად და დაუშვებლად მიგვაჩნია საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება, მით უმეტეს, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობა. ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იზიარებს მათ ფასეულობებს, აღიარებს კანონის უზენაესობას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქმის ამგვარ ვერსიასთან საქართველოს სამართალდამცველ უწყებებს არავითარი შემხებლობა არ აქვთ და არც შეიძლება, ჰქონდეთ", - ამბობს შს მინისტრი.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, მხოლოდ დაკავებულის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ან მედიაში გავრცელებულ ვერსიებზე დაყრდნობით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, საქართველოს ან აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებების დადანაშაულება უსამართლობაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს, დაელოდოს გამოძიების შედეგებს.

"გამოძიება მიმდინარეობს ამ ფაქტთან დაკავშირებით, ძალიან გთხოვთ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. როგორ ფიქრობთ, ჩვენ ვსხედვართ კაბინეტებში და არც ჩანაწერები ამოგვიღია, არც არავინ დაგვიკითხავს ანუ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაგვიტარებია? ყველა საგამოძიებო მოქმედებას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ვერ გამცნობთ დაუყოვნებლივ, უნდა დაელოდოთ გამოძიების დასრულებას", - თქვა მღებრიშვილმა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხტარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხტარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხტარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხტარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აღსანიშნავია, რომ გამოძიება საქართველოშიცაა დაწყებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხტარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები