აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები სუს-ის უფროსთან შეხვედრას ითხოვენ

თბილისში, ე.წ მოდულის შენობასთან, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვენ. 

"გამოვიდეს სუს-ის უფროსი და გვიპასუხოს შეკუთხვებზე, როგორ აღმოჩნდა თბილისში გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერნაიჯანში პატიმრობაში" - ნათქვამია წერილში, რომელსაც აქციის მონაწილეები სუს-ის უფროსს უგზავნიან.


ფოტო: ტაბულა

თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებულ ჟურნალისტს აზერბაიჯანის სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა გუშინ მიუსაჯა. მუხთარლი სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ გადაიყვანეს კურდახანის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ჟურნალისტის მხარდამჭერები სასამართლოსთან შეიკრიბნენ და მისი უკანონოდ დაკავება გაააპროტესტეს. 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს, რის შემდეგაც, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებები წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ გამოძიება საქართველოშიცაა დაწყებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები