აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ru.apa.az

თბილისიდაან აზერბაიჯანში გატაცებულ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, აზერბაიჯანის სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მუხთარლი სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ გადაიყვანეს კურდახანის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს. 

ჟურნალისტის მხარდამჭერები დღეს სასამართლოსთან შეიკრიბნენ და მისი უკანონოდ დაკავება გაააპროტესტეს. 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აღსანიშნავია, რომ გამოძიება საქართველოშიცაა დაწყებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები