პრეზიდენტი მუხთარლიზე: ადამიანის გაქრობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის გამოწვევაა

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების და აზერბაიჯანში დაკავების საკითხს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. მისი თქმით, მუხთარლის ადვოკატის განცხადება აუცილებლად ბოლომდე გასააზრებელი და გასაანალიზებელია.

"საქართველოს ტერიტორიიდან - ზღვით, ჰაერით, ხმელეთით, საქართველოს დედაქალაქიდან, თუ საზღვრიდან ადამიანის გაქრობა კიდევ ერთხელ, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისათვის სერიოზული გამოწვევაა, გამოწვევა, რომლის კონტექსტშიც, ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ერთდროულად თავისი პრესტიჟიც და მოქალაქეების დაცულობაც, ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ადვოკატის განცხადება ძალიან მძიმეა - რამდენიმე თვალსაზრისით.

"პირველ რიგში, ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს აქვს როგორც მედიის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ლიდერის როლი რეგიონში. ეს არის ჩვენი სიამაყეც, მაგრამ ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილი. ამ თვალსაზრისით, ამ სტანდარტის დაცვა ჩვენი სახლემწიფოებრიობის დაცვის საკითხია" - აღნიშნა მარგველაშვილმა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აღსანიშნავია, რომ გამოძიება საქართველოშიცაა დაწყებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები