საქართველოდან აზერბაიჯანში გადაყვანილი ჟურნალისტის ცოლი მუხტარლის პასპორტით

ტაბულა

საქართველოდან გატაცებული და აზერბაიჯანში გადაყვანილი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მხარდასაჭერად მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე იმყოფება დაკავებულის ცოლი, რომელსაც თან აფგან მუხტარლის პასპორტი აქვს. მისი თქმით, ჟურნალისტი აზერბაიჯანის საზღვარზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე გადაიყვანეს.

ჟურნალუსტ ხადიჯა ისმაილოვას ცნობით, აფგან მუხტარლიმ თავის ადვოკატს უთხრა, რომ ის 29 მაისს თბილისიდან, საკუთარი სამეზობლოდან გაიტაცეს.

"ის ჩასვეს ოპელის მარკის ავტომობილში, შეუკრეს ხელები და სცემეს. მის სახესა და სხეულზე არის ცემის კვალი. სავარაუდოდ, ნეკნიც აქვს მოტეხილი. ავტომანქანით ის გაიყვანეს თბილისიდან. მანქანამ წაიყვანა თბილისის გარეუბანში, სადაც მას თავზე ჩამოაცვეს ჩანთა. მან თქვა, რომ სუნთქვას ვერ ახერხებდა. რის შემდეგაც მათ ჩამოაცვეს თავზე მისივე შარვალი და შემოახვიეს ლენტი. მოგვიანებით ავტომობილი კვლავ შეიცვალეს. ბოლო მანქანაში ადამიანები საუბრობდნენ აზერბაიჯანულ ენაზე.

როცა ის მანქანიდან გადმოიყვანეს, აღმოჩნდა სასაზღვრო პუნქტთან. სადაც ის გადმოსვეს და უპოვეს თანხა - 10 000 ევრო. მას ბრალად წაუყენეს საზღვრის დარღვევა და კონტრაბანდის შეტანა. აფგანმა თქვა, რომ ადამიანებს, რომელთაც ის დააკავეს, თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ გამოიყურებოდნენ როგორც საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები", - წერს ისმაილოვა.

ადვოკატის თქმით, ის დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ბოლოს 29 მაისს ნახეს. მას საქართველოს შსს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეძებდა. გამოძიება კი, სს კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები