ხადიჯა ისმაილოვას ცნობით, აფგან მუხტარლიმ თავის ადვოკატს უთხრა, რომ გუშინ ის თბილისიდან, საკუთარი სამეზობლოდან გაიტაცეს.
"ის ჩასვეს ოპელის მარკის ავტომობილში, შეუკრეს ხელები და სცემეს. მის სახესა და სხეულზე არის ცემის კვალი. სავარაუდოდ, ნეკნიც აქვს მოტეხილი. ავტომანქანით ის გაიყვანეს თბილისიდან. მანქანამ წაიყვანა თბილისის გარეუბანში, სადაც მას თავზე ჩამოაცვეს ჩანთა. მან თქვა, რომ სუნთქვას ვერ ახერხებდა. რის შემდეგაც მათ ჩამოაცვეს თავზე მისივე შარვალი და შემოახვიეს ლენტი. მოგვიანებით ავტომობილი კვლავ შეიცვალეს. ბოლო მანქანაში ადამიანები საუბრობდნენ აზერბაიჯანულ ენაზე.
როცა ის მანქანიდან გადმოიყვანეს, აღმოჩნდა სასაზღვრო პუნქტთან. სადაც ის გადმოსვეს და უპოვეს თანხა - 10 000 ევრო. მას ბრალად წაუყენეს საზღვრის დარღვევა და კონტრაბანდის შეტანა. აფგანმა თქვა, რომ ადამიანებს, რომელთაც ის დააკავეს, თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ გამოიყურებოდნენ როგორც საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები", - წერს ისმაილოვა.
მუხტარლის ადვოკატის თქმით, ის დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ.





