აფგან მუხთარგლი

თბილისში დაკარგული ჟურნალისტი ბაქოშია დაკავებული

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას ცნობით, თბილისში დაკარგული ჟურნალისტი აფგან მუხთარგლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სასაზღვრო სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფება.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა დააკავეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს. ლიბერალთან საუბარში ჟურნალისტის ადვოკატი ამბობს, რომ აფგან მუხტარლის პასპორტი ან საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თან არ ჰქონია.

ტაბულა დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმის გასარკვევად, თანამშრომლობდნენ თუ არა ისინი აზერბაიჯანის სპეცსამსახურებთან. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ბოლოს 29 მაისს ნახეს. მას საქართველოს შსს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეძებდა. გამოძიება კი, სს კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

"აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, ბოლოს 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა, ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს და მობილური გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ", - აცხადებდა ადამიანის უფლებათა სახლი.

არასამთავრობოსვე ცნობით, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანული მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის იანვრიდან ის საქართველოში მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს და თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.

კომენტარები