აუდიტის სამსახური

ნარმანია აუდიტის სამსახურზე: სკანდალი კი არა, თითიდან გამოწოვილი ინფორმაციაა

ტაბულა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის მთავრობამ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემაზე გადაწყვეტილება კანონიერად მიიღო. კვირის პალიტრასთან საუბარში ნარმანია ამბობს, რომ "უამრავი ვერსია მოვისმინე, მათ შორის, თითქოს ოთარ ფარცხალაძეს ხელოვნურად შევუწყვეთ ხელი პროცესში, რასაც ცალსახად არ ვადასტურებ".

კითხვაზე, "შესაძლებელია, რომ არჩევნების შემდეგ მთავარ აუდიტორად გიხილოთ?", თბილისის მერი ამბობს, რომ კონსულტაცია ბევრ საკითხზე მიმდინარეობს.

"გუნდის საერთო გადაწყვეტილებით გაირკვევა, მე ვიქნები მერობის კანდიდატი თუ სხვა, ან სად გადავინაცვლებ, თუ თბილისის მერობის კანდიდატი აღარ ვიქნები" - აღნიშნავს ნარმანია.

კითხვაზე, "ასეთი სკანდალის შემდეგ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მერიის საქმიანობას სწავლობს აუდიტის სამსახური, უწყების ხელმძღვანელად თქვენი განხილვა რამდენად ადეკვატურია?", დავით ნარმანია პასუხობს, რომ ეს სკანდალი კი არა, "თითიდან გამოწოვილი ინფორმაციის ნაკრებია, რომელიც სკანდალად აქციეს". მისივე თქმით, ლაშა თორდიაზე საქმეზე სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

"ამიტომ დაველოდოთ. რაც მერი ვარ, იმდენი შემოწმება ჩატარდა მერიაში... ლუპით გვაკვირდებიან, თუმცა კარგი იქნებოდა, მათი მმართველობის დროს გამოერკვიათ, რა ხდებოდა ამ უწყებაში. ისე, კონტრშეკითხვას დაგისვამთ ჩემი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად განხილვაზე - რატომაც არა, რა უშლის ხელს?" - კითხულობს თბილისის მერი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემაზე შუალედური ანგარიში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია სხვადასხვა საეჭვო გარემოებაზე, რაც ფარცხალაძის კომპანიის საქმიანობას უკავშირდება. ამასთან, ანგარიშის თანახმად, აუქციონი ჩატარდა ისე, რომ გამარჯვებული ოთარ ფარცხალაძე ყოფილიყო,

ანგარიშის მიხედვით, კომპანია ბი ეს არ-სი დი ჯი იქამდე, სანამ მისი მესაკუთრე ოთარ ფარცხალაძე გახდებოდა, მდინარე ვერეს ხეობაში ფლობდა 3.2 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს. 2011 წელს ამ ნაკვეთზე ახალმა გზამ გაიარა, კომპანია ზარალის ფულად ანაზღაურებას მერიისგან 2012 წლიდან ითხოვდა. აუდიტის შუალედური ანგარიშის მიხედვით, მაშინ მერიამ კომპანიას ზარალი არ აუნაზღაურა. კომპანიას ზარალი მხოლოდ 2016 წელს, მას შემდეგ აუნაზღაურდა, რაც მისი ხელმძღვანელი ოთარ ფარცხალაძე გახდა. 

"მერიამ მოლაპარაკების და ზარალის ანაზღაურების პროცესი წარმართა იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში კომპანიას ზარალი აუნაზღაურა 4 წლის დაგვიანებით და გაცილებით მეტ თანხაზე, კერძოდ გადასცა 2 615 100 ლარის ღირებულების მიწები" - აცხადებს აუდიტის სამსახური.

საქართველოს პროკურატურამ აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.

ამასთან, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს აღნიშნული ანგარიშის გამო, თავდასხმასა და მუქარაში ადანაშაულებს.

კომენტარები