შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კომპიუტერული სისტემის ხელყოფის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და თაღლითობის ბრალდებით, თბილისსა და გორში 5 პირი დააკავეს: 1989 წელს დაბადებული ლ. ბ., 1977 წელს დაბადებული ბ. ფ., 1984 წელს დაბადებული რ.ლ., 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ე. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.თ.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქის ინტერნეტ ბანკის პირადი მონაცემები მოტყუებით მოიპოვეს და მათი გამოყენებით, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხები აიღეს. დაკავებულები, სესხის დამტკიცების შემდეგ, ფულს მათთვის ხელმისაწვდომ ანგარიშზე რიცხავდნენ, საიდანაც ხდებოდა თანხის განაღდება. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის საშუალებით, ბრალდებულები საკრედიტო დაწესებულებების კუთვნილ 15 000 ლარს უკანონოდ დაეუფლნენ"
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერული სისტემის ხელყოფას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და თაღლითობას გულისხმობს.




