გუშინ, დონალდ ტრამპთან ერთად იტალიის დედაქალაქ რომში მყოფ აშშ-ის პრეზიდენტის შვილსა და მრჩეველ ივანკა ტრამპს რომის ლაციოს ლეგენდარული ფეხბურთელი ჯორჯო კინალია წმინდანში აერია.
როგორც რესტორანი Le cave di Sant’Ignazio-ს მფლობელმა Huffington Post Italia-სთან აღნიშნა, მის რესტორანში ძალიან ბევრი სურათია, მათ შორის რელიგიური ხასიათისაც, ივანკა ტრამპი კი ჯორჯო კინალიას ფოტოსთან შეჩერდა, რომელზეც ფეხბურთელი უბრალოდ ცას უყურებს და იკითხა "ეს რომელი წმინდანია?"

ფოტო: EPA
"ჩვენ კი ავუხსენით, რომ ეს ფოტო არა წმინდანის, არამედ ლაციოს ლეგენდარული ფეხბურთელის იყო", - ამბობს ლუიჯინა პანტალონე.
ჯორჯო კინალია რომის ლაციოში 1969-76 წლებში ასპარეზობდა. ამ პერიოდში მან კლუბის მაისურით 208 მატჩი ჩაატარა და 98 გოლიც გაიტანა. 1973-74 წლებში იგი ლაციოსთან იტალიის ჩემპიონი გახდა, 74-75 წლებში კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ამის შემდეგ კინალია ამერიკაში, ნიუ იორკის კოსმოსში თამაშობდა, სადაც 213 თამაშში 193 გოლი გაიტანა.
2002 წელს 65 წლის ასაკში, კინალია ფლორიდის შტატის ქალაქ ნეიპლესში გარდაიცვალა.





