განათლება

ქვეყანაში 11 000 სპორტის პედაგოგია, მათგან სპროტული განათლება მხოლოდ 2 000-ს აქვს

Getty Images

ქვეყანაში 11 ათასი სპორტის პედაგოგია, მათგან სპროტული განათლება მხოლოდ 2 ათასს აქვს - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშიდან (PDF დოკუმენტი) ირკვევა. ანგარიშის მიხედვით, სკოლებში იმაზე ნაკლები სპორტის გაკვეთილი ტარდება, ვიდრე ამას კანონმდებლობა მოითხოვს და ამ გაკვეთილებზეც სინამდვილეში ბავშვების დიდი ნაწილი რეალურ ფიზიკურ აქტივობაში ჩართული არაა.

საქართველოში სულ 2,085 ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაა, სადაც სპორტის მასწავლებლების რაოდენობა შეადგენს 10,990-ს, თუმცა აქედან სპორტის სპეციალობით განათლება მიღებული აქვს 1,889 მასწავლებელს, მხოლოდ 18%-ს. სპორტის დანარჩენი მასწავლებლების ნახევარზე მეტი წარმოადგენს დაწყებითი კლასის მასწავლებლებს, ხოლო მეორე ნაწილი იმ მასწავლებლებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ სხვა დარგებში. ეს გარემოება ცხადია უარყოფითად აისახება ამ გაკვეთილების ხარისხზე.

საქართველოში ეროვნული სასწავლო გეგმით წლიური სპორტის გაკვეთილები შეადგენს 64 საათს (კვირაში 2 საათი), რომელიც სპორტის შესახებ საქართველოს კანონში განსაზღვრულ სპორტის საათებთან (კვირაში 4 საათი) შეუსაბამობაშია. აუდიტის სამსახურის მიერ საჯარო სკოლებში ჩატარებული ინტერვიუების შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგ შემთხვევაში სკოლები სპორტის გაკვეთილების 1 საათს უთმობენ საგნებს, რომლებიც უფრო პრიორიტეტულად არის მიჩნეული (უცხო ენა, ლიტერატურა, მათემატიკა და სხვა).

განათლების სამინისტრო სპორტის საათების ზრდას გეგმავს. 2018-2024 წლების სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს მხოლოდ დაწყებით საფეხურს I-IV კლასებში კვირაში 3 საათს და V-VI კლასებში კვირაში 2 საათს.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სპორტული ინფრასტრუქტურა შედარებით უკეთესი თბილისის სკოლებშია, რეგიონებში კი რიგ სკოლებს არ აქვთ შესაბამისი ინფრასტურქტურა.


ფოტო: აუდიტის სამსახური

კომენტარები