ერდოღანი: სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებები თურქეთს ემუქრებიან და არა აშშ-ს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებები ემუქრებიან მხოლოდ თურქეთს და არა აშშ-ს ან რუსეთს. ერდოღანმა ეს განცხადება, აშშ-ის მიერ სირიელი ქურთებისთვის იარაღის გადაცემის საკითხზე გააკეთა. სირიელი ქურთების ორგანიზაციას თურქეთი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს, აშშ კი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირედ.

"ამ რეგიონში საფრთხე არც ამერიკისთვის და არც რუსეთისთვის არ არსებობს. საფრთხე ჩვენ გვემუქრება. ჩვენ აშშ-ის მოკავშირეები ვართ NATO-ს ფარგლებში და არ გვგონია, რომ მათი მხრიდან, ტერორისტული ორგანიზაციის გვერდით დგომა სწორი იყოს", - თქვა ერდოღანმა. 

ერდოღანის თქმით, აშშ-მა უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრბით მას შემდეგ, რაც აშშ-მა სირიელი ქურთებისთვის იარაღის მიწოდება გადაწყვიტა, რამაც დააზიანა ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები. 

"ერთი ტერორისტული ორგანიზაცია არ შეიძლება განადგურდეს მეორე ტერორისტული ორგანიზაციის მეშვეობით", - თქვა ერდოღანმა.

სირიის ქალაქ რაქაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად, სირიელ ქურთების იარაღით მომარაგების შესახებ ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მა გადაწყვეტილება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის აშშ-ში ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე მიიღო.

კომენტარები