ჯარში გაწვევა

გოგიჩაიშვილი გირჩის რელიგიურ ორგანიზაციაზე: ეს სიგიჟე უნდა დავამთავროთ

ლევან გოგიჩაიშვილი
ქართული ოცნება

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე "გირჩის" მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის შესახებ იმსჯელეს, რომლის წევრებსაც ჯარში გაწვევისგან გათავისუფლება შეუძლიათ.

ქართული ოცნების დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს ჰკითხა: - "ჩვენ ვნახეთ, რაღაცა ორგანიზაცია შეიქმნა ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით და მთელი ამბებია ატეხილი. თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით დაგეგმილი ან რამე კონკრეტული ნაბიჯი გადადგმული იმიტომ, რომ ეს სიგიჟე უნდა დავამთავროთ".

სესიაშვილმა კი უპასუხა, რომ ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია და გირჩის მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციას კონსტიტუციური ვალდებულებებისგან თავის არიდებისთვის შექმნილი ხელოვნური ინსტრუმენტი უწოდა.

"მიმაჩნია, რომ შექმნილი იყო ხელოვნური ინსტრუმენტი კონსტიტუციური ვალდებულებისაგან თავის არიდებისთვის. ეს არის მცდელობა, რომ კანონის გარკვეული მუხლი გამოყენებული იყოს კონსტიტუციური ვალდებულების საწინააღმდეგოდ. ამიტომ, პატარა სამუშაო ჯგუფი გავაკეთე. შეხვედრა შედგა - არის რამდენიმე საშუალება, რომ კანონში მოხდეს მკაფიო განმარტება. ვმუშაობთ ამ საკითხზე", - თქვა სესიაშვილმა.

პარტია "გირჩმა" რელიგიური ორგანიზაცია "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ დააფუძნა, რომელიც სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობებსაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდებს კი კანონში არსებული ჩანაწერის საფუძველზე ჯარში გაწვევისგან გათავისუფლება შეუძლიათ.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე "ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, მოქალაქეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუკი ის სასულიერო პირია.

პარტია წვევამდელებს სთავაზობს გაერთიანდნენ მათ მიერ დაარსებულ რელიგიურ ორგანიზაციაში, მიიღონ შესაბამისი ცნობა და ამ გზით აარიდონ თავი სავალდებულო სამხედრო სამსახურს.

კომენტარები