თურქეთი აშშ-ის მიერ სირიელი ქურთებისთვის იარაღის გადაცემას ეწინააღმდგება

Reuters

სირიის ქალაქ რაქაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად, აშშ სირიელ ქურთებს იარაღით მოამარაგებს. შესაბამის ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.

სირიის დემოკრატიული ძალების შემადგენლობაში მებრძოლი ქურთული სამხედრო დანაყოფები, ქალაქ რაქას ტერორისტებისგან გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობენ.

სირიელი ქურთებისთვის იარაღის გადაცემას თურქეთის აღშფოთება მოყვა. ოფიციალური ანკარა სირიელ ქურთებს ქურთისტანის მუშათა პარტიასთან აკავშირებს, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

თურქეთის ვიცეპრემიერის ნურეტინ ჩანიკზის თქმით, თურქეთი არ ეთანხმება სირიაში ანტიტერორისტული კოალიციის სპეცოპერაციებში იმ "ტერორისტული ორგანიზაციის" ჩართვას, რომელიც მათი სახელმწიფოს მომავალს ემუქრება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი განაცხადა, რომ ქურთი მეამბოხეებისთვის გადაცემული თითოეული იარაღი თურქეთისათვის საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, სირიელი ქურთები და ქურთისტანის მუშათა პარტია მოკავშირეები არიან და სირიელი ქურთებისთვის გადაცემული იარაღი თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს ქურთისტანის მუშათა პარტიის ხელში.

თავისმხრივ, აშშ სირიელ ქურთებს, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, მოკავშირეებად განიხილავს. პენტაგონმა თურქეთის მთავრობის საპასუხოდ ხაზგასმით განაცხადა, რომ აშშ ყველაფერს მოიმოქმედებს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში თავისი მოკავშირის უსაფრთხოების დასაცავად.

გარდა ამისა, აშშ-მა თურქეთს სირიელი ქურთებისთვის იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით გარანტიებიც მისცა: 1) აშშ-ის მეირ სირიელი ქურთებისთვის მიწოდებული იარაღი იქნება დათვლილი და დარეგისტრირებული; 2) იარაღის რაოდენობა და მნიშვნელობა სპეცოპერაციის საჭიროებისამებრ იქნება განსაზღვრული. აშშ დააკვირდება გადაცემული იარაღის გამოყენების პროცესს; 3) თუკი გაირკვევა, რომ მიწოდებულ იარაღს სხვა ადგილებშიც გამოიყენებენ, მიწოდების პროცესი შეწყდება; 4) ქალაქ რაქაში ოპერაციის დასრულების შემდეგ სირიელი ქურთებისთვის მიწოდებული მძიმე იარაღი დაუბრუნდება აშშ-ს; 5) ქალაქი რაქას გათავისუფლების შემდეგ სირიელი ქურთები ქალაქს დატოვებენ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მა გადაწყვეტილება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის აშშ-ში ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე მიიღო.

კომენტარები