თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთან

კონგრესმენები ტრამპს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებას სთხოვენ

Reuters

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 30-მა წევრმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ორივე ქვეყნისთვის და მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

კონგრესმენთა მხარდამჭერი წერილი:

"საქართველოს გააჩნია ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო და კავკასიისა და შავი ზღვის ფართო რეგიონით დაინტერესებული აშშ-ის კომპანიებისათვის ბიზნესის წარმოების კუთხით ხელსაყრელ გარემოს წარმოადგენს. შედეგად, აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობა ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2016 წელს აშშ-მა საქართველოში 324 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის გასაფორმებლად საჭირო მოლაპარაკებების დაჩქარება უზრუნველყოს. აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში მიმდინარე მაღალი დონის დიალოგმა უნდა ნათლად განსაზღვროს ის ვალდებულებები, რომელიც საჭიროა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად.ამგვარი სახის შეთანხმება სასარგებლო იქნება აშშ-ის, საქართველოსა და მთლიანად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის", - ნათქვამია წერილში.

საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მიღწევის შესახებ წინარე მოლაპარეკებებისთვის მზადება წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო, მთავრობის შეცვლის შემდეგ კი ამ პროცესს პროგრესი არ განუცდია. 2015 წელს ტაბულას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ უპასუხა, რომ ამ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე რეალური მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის არ დაწყებულა. 

ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანას თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გაფორმებული აქვს 20 ქვეყანასთან, მათ შორის მრავალმხრივი სავაჭრო შეთანხმებებია მიღწეული კანადასა და მექსიკასთან (NAFTA) და ასევე ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანასთან (DR-CAFTA). დონალდ ტრამპი კანადასა და მექსიკასთან არსებული სავაჭრო შეთანხმების გადახედვას გეგმავს, პრეზიდენტის შეფასებით ეს შეთანხმება აშშ-ს აზარალებს. ტრამპმა ასევე უარი თქვა წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (TPP) გაფორმებაზე, გაფორმების შემთხვევაში ეს მსოფლიოს ყველაზე დიდი თავისუფალი სავაჭრო სივრცე იქნებოდა.

ქვეყნები, რომლებთანაც აშშ-ს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები აქვს:

  1. ავსტრალია
  2. ბაჰრეინი
  3. ჩილე
  4. კოლუმბია
  5. DR-CAFTA - კოსტა რიკა, სალვადორი, გვატემალა, ჰონდურასი, ნიკარაგუა, 
  6. ისრაელი
  7. იორდანია
  8. სამხრეთ კორეა
  9. მაროკო
  10. NAFTA - კანადა და მექსიკა
  11. ომანი
  12. პანამა
  13. პერუ სინგაპური

საქართველოსა და აშშ-ის შორის ვაჭრობის მოცულობა კი ასეთია:

  • 2012 - იმპორტი $213 მილიონი, ექსპორტი $226 მილიონი
  • 2013 - იმპორტი $254 მილიონი, ექსპორტი $137 მილიონი
  • 2014 - იმპორტი $287 მილიონი, ექსპორტი $207 მილიონი
  • 2015 - იმპორტი $252 მილიონი, ექსპორტი $104 მილიონი
  • 2016 - იმპორტი $213 მილიონი, ექსპორტი $68 მილიონი

კომენტარები