Alitalia

იტალიის ნაციონალური ავიახაზები Alitalia კოტრდება

twitter.com

იტალიის ნაციონალურმა ავიახაზებმა Alitalia-მ გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. ეს ბოლო 10 წლის მანძილზე უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ავიახაზებმა გაკოტრების შესახებ განაცხადა. მომდევნო 180 დღის მანძილზე Alitalia-ს გაკოტრების საქმის წარმოებისთვის დანიშნული სპეციალური ადმინისტრაცია უხელმძღვანელებს. ამ პერიოდის მანძილზე რეისები ჩვეულ რეჟიმში შესრულდება.

Alitalia-ს ფინანსური ზარალი $3 მილიარდ დოლარს აღემატება. ავიაკომპანიას გასული ათწლეულის მანძილზე იტალიის სახელმწიფო აქტიურად ეხმარებოდა. 2008 წლის გაკოტრების შემდეგ სახელმწიფომ მის გადასარჩენად €7 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის სუბსიდია გასცა. ახლა კი თუ კომპანია ფინანსური ზარალის აღმოფხვრის გზას ვერ მონახავს მან შესაძლოა ოპერირება სრულად შეწყვიტოს.

Alitalia-ს 49%-იან წილს არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიახაზები, Etihad-ი ფლობს. 2014 წლის შემდგომ Etihad-მა კომპანიაში $1 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რაც ვალდებულებების დაფარვასა და ფლოტის განახლებას მოხმარდა. 

Etihad-ის ხელმძღვანელის ჯეიმს ჰოგანის განცხადებით, საჭიროა Alitalia-ს ფინანსური ვალდებულებების დროული რესტრუქტურიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიამ ოპერირება შეიძლება სრულად შეწყვიტოს. ჰოგანის თქმით, Etihad-ი Alitalia-ს მინორიტარი აქციონერია და საბოლოო გადაწყვეტილება აქციების საკონსტროლო პაკეტის მფლობელებმა უნდა მიიღონ. თუმცა მოლაპარაკებებს Alitalia-ს 12 ათასი თანამშრომლისგან შემდგარი პროფკავშირები აფერხებს. კომპანიამ გადარჩენისთვის მინიმუმ 1.6 ათასი თანამშრომელი უნდა გაათავისუფლოს, დარჩენილ თანამშრომლებს კი 10%-ით შეუმციროს ხელფასები, ცვლილებას პროფკავშირები აპროტესტებს.

Alitalia-ს ფლოტი 120 ხომალდისა და 12 ათასი დასაქმებულისგან შედგება. კომპანია 2016 წელს 22 მილიონ მგზავრს მოემსახურა. შედარებისთვის, Alitalia-ს კონკურენტის - Ryanair-ის თანამშრომელთა რაოდენობა 11 ათასია, ფლოტი 300 ხომალდი და ის გასულ წელს 100 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ანალიტიკოსების შეფასებით, Alitalia-ს ბიზნესმოდელი მოძველებული და არაეფექტურია, რისი დაუყოვნებლივ გამოსწორებაც არის საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია ოპერირებას შეწყვეტს.

კომენტარები