ჰარი პოტერი

როულინგის ყოველწლიური ტრადიცია - მწერალი სევერუს სნეიპის მოკვლის გამო ბოდიშს იხდის

ალან რიკმანი პროფესორ სევერუს სნეიპის როლში

პოტერიადას ავტორი, ჯოან როულინგი, ფანებისთვის კონკრეტული პერსონაჟების მოკვლისათვის ბოდიშის მოხდის ტრადიციას აგრძელებს. წელს მან Guardian-ის გამოკითხვებით ყველაზე საყვარელი პერსონაჟის, სევერუს სნეიპის, გამო მოიხადა ბოდიში.

"ოქეი, ესეც ასე - გთხოვთ, არ დაიწყოთ ინტერნეტ ომი ამის გამო, მაგრამ წელს მინდა, რომ ბოდიში მოვიხადო (ჩურჩულებს) ... სნეიპის მკვლელობისთვის. *დასამალად გაქცევა*,"- დაწერა როულინგმა Twitter-ზე. 
 


პოტერიადას პირველ რამდენიმე წიგნში გვგონია, რომ პროფესორი სევერუს სნეიპი სლიზერინის კლუბიდან, ჰარი პოტერსა და მის მეგობრებზეა გადაკიდებული და ყველაფერს აკეთებს მათ გამოსაჭერად. თუმცა, მოგვიანებით, ვიგებთ, რომ მისი, ერთი შეხედვით, ბოროტი მოქმედებები, სხვა არაფერი იყო, თუ არა, ჰარისათვის საფრთხის არიდების მცდელობა. ამის მიზეზი კი, ის გახლავთ, რომ ჰარის გარდაცვლილი დედა, ლილი პოტერი, სევერუს სნეიპის ცხოვრების სიყვარულია. 
 



როულინგის Twitter-ის პოსტი მისი ყოველწლიური ტრადიციის ნაწილია. ყოველი წლის 2 მაისს ჯოან როულინგი ერთ პერსონაჟს ირჩევს, რომელიც თავის წიგნში მოკლა და მათ გამო ფანებს ბოდიშს უხდის. ის ამას ერთგვარი მემორიალივით აკეთებს იმ პერსონაჟების გასახსენებლად, ვინც ვოლდემორთან საბოლოო ბრძოლაში იყო ჩართული. 

გასულ წელს მან ბოდიში რემუს ლუპინის გამო მოიხადა, ხოლო 2015-ში კი, ფრედ უისლის გამო. თუმცა, როგორც ჩანს, პროფესორ სნეიპს ავტორის გულში მართლაც დიდი ადგილი ეკავა. 

"წიგნში ხშირად გხვდებათ სნეიპი, რადგან ასეთი პერსონაჟი საჩუქარია. იმის თქმას ვცდილობ, რომ მე ის მიყვარს,"- თქვა როულინგმა ედინბურგის წიგნის ფესტივალზე, 2004 წელს. 

Twitter-ზე როულინგს ფანებმა უპასუხეს და დობისა და ჰედვიგის პერსონაჟების მკვლელობისთვისაც მოითხოვეს ბოდიშის მოხდა. მათ 2018 წლის 2 მაისამდე მოუწევთ ლოდინი იმის გასარკვევად, ვინ იქნება შემდეგი. 

კომენტარები