თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვა: მრჩევლის პოსტი გავაუქმეთ, ამ გზით დაზოგილი თანხა ჩინოსნებზე გადავანაწილეთ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ლევან იზორიას პირველი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ის ფაქტი, რომ ჩიქოვანმა აგვისტო-დეკემბრის პერიოდში 46 ათასი ლარი გამოიმუშავა გამოწვეულია იმით, რომ სამინისტრომ გენშტაბსა და სამინისტროს სხვა სტრუქტურებში მრჩევლების პოსტის გაუქმებით დაზოგილი თანხა სხვა ჩინოსნებზე გაანაწილა.

"თავდაცვის სამინისტროში 2016 წლის აგვისტოდან, მინისტრისა და მისი მოადგილეების, ასევე გენერალურ შტაბსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მრჩეველთა შტატების გაუქმებისა და თანაშემწეების შტატების შემცირების შედეგად, მთლიანობაში, წლიურად, მილიონ ლარამდე თანხა დაიზოგა.

შესაბამისად, დაზოგილი თანხა, ერთი მხრივ, გენერალური შტაბის სამეთაურო რგოლზე გადანაწილდა (300-მდე სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც სამეთაურო დანამატი დაენიშნათ), მეორე მხრივ, ფუნქციონალური დატვირთვის ადეკვატურად, უწყების სხვადასხვა თანამდებობის პირზე, რაც მათ შრომის ანაზღაურებაზე აისახა", - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ლელა ჩიქოვანმა გასულ წელს სუს-სა და თავდაცვაში 120 ათასი ლარი გამოიმუშავა, რითიც ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა. შედარებისთვის პრემიერმაინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წელს 51 ათას 369 ლარი გამოიმუშავა. მინისტრების ხელფასები (დანამატის ჩათვლით) საშუალოდ წელიწადში 75 ათასი ლარია, მათ მოადგილეებს კი რიგ შემთხვევაში 90-110 ათასი ლარის ანაზღაურება აქვთ.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას, დეკლარაციის მიხედვით, მან გასულ წელს ჩიქოვანზე 17 ათასი ლარით მეტი, 137 ათას 235 ლარი გამოიმუშავა. იზორია ამ პერიოდში შსს მინისტრის მოადგილე, სუს-ის უფროსის მოადგილე და თავდაცვის მინისტრი იყო.

კომენტარები