ვიზალიბერალიზაცია

ხულორდავა: უვიზო მიმოსვლით 11 700-მდე მოქალაქემ ისარგებლა, 26 - უკან მოაბრუნეს

ტაბულა

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას ინფორმაციით, პირველი ერთი თვის განმავლობაში, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 11 700-მდე მოქალაქემ ისარგებლა. ხულორდავამ ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ საზღვრიდან უკან მხოლოდ 26 მოქალაქე გამოაბრუნეს.

„27 აპრილის მონაცემებით, შენგენის ზონაში, რომელიც 30 ქვეყანას მოიცავს, უვიზოდ საზღვარი საქართველოს 11 700-მდე მოქალაქემ გადაკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ იყო შიშები, ბევრი იქნებოდა ისეთი მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც საზღვრიდან მოაბრუნებდნენ, ეს შიშები არ გამართლდა - სულ გვაქვს 26 ასეთი შემთხვევა და სასიხარულოა ის, რომ ეს შემთხვევები უკავშირდება ობიექტურ გარემოებებს ანუ არასაკმარის დოკუმენტაციას და არა სუბიექტურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებს ადგილზე მყოფი მესაზღვრე“, - განაცხადა ხულორდავამ და აღნიშნა, რომ პირველი ერთი თვის მაჩვენებლები „ნამდვილად კარგია“. 

"რაც შეეხება იმას, რამდენად ვასრულებთ რეჟიმის პირობებს, ჯერ ამის თქმა შეუძლებელია - იცით, რომ ეს არის 3-თვიანი ხანმოკლე ვიზიტის პერიოდი და ჯერ გასულია მხოლოდ 1 თვე. შესაბამისად, 90 დღის გასვლის შემდეგ გვეცოდინება, რამდენად დაიცვეს ჩვენმა მოქალაქეებმა ეს მოთხოვნა“, - უთხრა დეპუტატმა ინტერპრესნიუსს.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 29 მარტიდან ამოქმედდა.

კომენტარები