ფადი ასლი

ფადი ასლი: შეხვედრიდან ჩემი ჩამოშორების გადაწყვეტილება პრემიერს არ ეკუთვნოდა

პრემიერი სავაჭრო პალატის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე
facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლობის თავმჯდომარე ფადი ასლი ინვესტორებისა და პრემიერის ჩაშლილი შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ასლის თქმით, 25 აპრილს დაგეგმილი ვიზიტის წინა დღეს, მთავრობის პროტოკოლის სამსახურმა სავაჭრო პალატას აცნობა, რომ სავაჭრო პალატის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების თავმჯდომარეებსა და პრემიერს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე მას არ დაუშვებდნენ, რასაც შემდგომში დელეგაციის წევრთა მიერ შეხვედრაზე უარის თქმა მოჰყვა. ფადი ასლის თქმით, მისთვის არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მისი არდაშვების მითითება პრემიერისგან არ მოდიოდა.

ფადი ასლის განცხადება:

1. ძალიან მაღალი რანგის ბიზნესმენების ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს პოპულარიზაცია და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს მიმზიდველობა გვეჩვენებინა მათთვის

2. მე ღრმად ვწუხვარ იმის გამო, რო 22 აპრილის საღამოს დელეგაციას მოუწია საათნახევრიანი ლოდინი და საპასპორტო კონტროლზე დამამცირებელი მოპყრობის ატანა; თუმცა, მას შემდეგ, რაც დავუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს, ყველაფერი მოგვარდა და დელეგაციის რამდენიმე წევრი საქართველოში შემოუშვეს. სხვა წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში ამ ინციდენტის შემდგომ ჩამოფრინდნენ, ყოველგვარი შეფერხების თუ პრობლემის გარეშე იქნენ შემოშვებულნი. მინდა მადლობა გადავუხადო ბ-ნ გურამ დავითაშვილს, საპატრულო პოლიციის საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომელს, რომელმაც, ჩვენს თანამშრომლებთან ერთად ზედმიწევნით იზრუნა, რომ დარჩენილ სტუმრებს საზღვარი შეუფერხებლად გადმოეკვეთათ.

3. 24 აპრილს ჩემს თანამშრომლებს შეატყობინეს პრემიერის პროტოკოლის სამსახურიდან, რომ არ ვიყავი დაშვებული 25 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაზე; პროტოკოლის წარმომადგენელმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენ.მდივანს განუცხადა შემდეგი: „ასე მითხრეს, რომ ფადი ასლი ამ შეხვედრას არ დაესწრება“. მას არ დაუდასტურებია, რომ ეს პრემიერ მინისტრის მითითება იყო. დელეგაციასა და პრემიერ მინისტრის შეხვედრაში ჩემთვის მონაწილეობის აკრძალვის შემდეგ საერთაშორისო სავაჭრო პალატამ შეხვედრა გააუქმა.

4. იმ პერიოდიდან, როდესაც ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო და დღემდე, გიორგი კვირიკაშვილის კარი ყოველთვის ღია იყო ჩვენი პალატისთვის და პირადად ჩემთვის. იგი ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და პატივცემული პოლიტიკოსია საქართველოში, ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთა შორის, ვინც ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის წინ აყენებს.

5. რამდენადაც მე მომეხსენება, ჩემი შეხვედრიდან ჩამოცილების გადაწყვეტილება პრემიერ მინიტრს არ ეკუთვნოდა.

6. აეროპორტის ინციდენტმაც და შეხვედრის გაუქმებამაც, რა თქმა უნდა, უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე. შესაბამისად, უნდა უკან მოვიტოვოთ ეს ინციდენტები და ვისწავლოთ ჩვენს შეცდომებზე, რათა არაფერი მსგავსი აღარ განმეორდეს ვიზიტორებსა თუ ინვესტორებთან.

7. მივმართავ თხოვნით პოლიტიკურ პარტიებს, საქართველოს საკეთილდღეოდ, თავი შეიკავონ ამ ინციდენტის პოლიტიზირებისგან. რაც მოხდა, მოხდა. ჩვენ არავისგან მოვითხოვთ ბოდიშის მოხდას, ხოლო სტუმრებს საქართველოს სახელით ჩვენ თვითონ მოვუბოდიშეთ.

8. საერთაშორისო სავაჭრო პალატა კვლავაც მხარს დაუჭერს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, მაგრამ ამასთან ერთად, ყოველთვის გამოვამზეურებთ ყველას, ვინც ცდილობს კულისებს უკან ძირი გამოუთხარონ ბიზნეს კლიმატს მოსამართლეებზე თუ პატიოსან სამთავრობო მოხელეებზე ზეწოლის მეშვეობით.

კომენტარები