თსუ 16

პაპავა: თსუ-ის მარტის მოვლენებში ამინდს უშიშროების სამსახური ქმნიდა

ვლადიმერ პაპავა
ვლადიმერ პაპავას facebook გვერდი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ვლადიმერ პაპავა, თანამდებობის დატოვებიდან 1 წლის შემდეგ, გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე edu.aris.ge-სთან ინტერვიუსას ალაპარაკდა. 

პაპავას თქმით, მის წინააღმდეგ უშიშროების სამსახური მუშაობდა და ამისთვის, ზოგჯერ, სტუდენტებსაც იყენებდა. 

"2016 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებში და იმაში, რაც ამ მოვლენებს წინ უძღოდა უდიდეს როლს არა უშუალოდ სტუდენტები, არამედ გარკვეული ძალები თამაშობდნენ, რომლებიც  უნივერსიტეტიდან ჩემ ჩამოშორებას ცდილობდნენ და ამისათვის, სამწუხაროდ, სტუდენტობასაც იყენებდნენ. ამ ყველაფერს სტუდენტებს ნამდვილად არ ვაბრალებ. მათში ძალიან ბევრი ალალი, ღირსეული და წარმატებული ადამიანია. თუმცა, ფაქტია, რომ იყვნენ გარკვეული ძალები, უშუალოდ უშიშროების სამსახურის მიერ მართულნი, რომლებიც სტუდენტებს, როგორც თვითმმართველობის, ისე მასთან დაპირისპირებულ ჯგუფის ზოგიერთ წევრს, იყენებდა,"- ამბობს ვლადიმერ პაპავა ინტერვიუში. 

თსუ-ის ყოფილი რექტორი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მის წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა აამუშავეს. პაპავა ამბობს, რომ მისთვის ეს გაუგებარია, რადგან არასდროს ყოფილა აფელირებული "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან". 

"როდესაც გადავწყვიტე რექტორის არჩევის კონკურსში მონაწილეობა მიმეღო, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი აქტიური წარმომადგენელი ამ პროცესში პირდაპირ  დამიპირისპირდა. ეს ჩემთვის გაუგებარი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, იგი  „ქართული ოცნების“ პოზიციასთან არ გამიიგივებია. 2016 წლის მარტში რომ გამწვავდა სიტუაცია, ეს ადამიანები უკვე პრესით ღიადაც გამოდიოდნენ და მოითხოვდნენ რომ თანამდებობიდან გადავმდგარიყავი.  „ქართულ ოცნებასთან“  თითქოს მეგობრული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ რატომღაც სახელმწიფო მანქანა აამუშავეს,"- განაცხადა პაპავამ.

ვლადიმერ პაპავა ამბობს, რომ დაპირისპირებას შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი ჰქონოდა. ძირითად შემთხვევებში კი, ის, რომ როგორც თვითონ ამბობს, "ბევრჯერ შეუშალა ვიღაცებს ხელი", რაზეც უკმაყოფილება მაშინდელმა განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემაც გამოხატა. 

"ისინი სიტუაციას ქმნიდნენ – თუ ერთ მხარეს წახვალ "აუდიტორია 115" გაღიზიანდება, თუ მეორე მხარეს – სტუდენტური თვითმმართველობა. სხვა გზა კი უბრალოდ არ არსებობდა. ასეთ გამოუვალ სიტუაციებს ქმნიდა უშიშროების სამსახური. რა თქმა უნდა, ამაზე დავალებები ზემოდან იყო მიღებული და ამაში 25 მარტს დავრწმუნდი, როცა პრემიერმა უშუალოდ მითხრა ზემოხსენებული სიტყვები. გადადგომის შესახებ განცხადება კი 30 მარტს გავაკეთე,"- ამბობს პაპავა.

ყოფილი რექტორი ასევე აღნიშნავს, რომ გასული წლის მარტის მოვლენებში მონაწილე სტუდენტების უდიდესი ნაწილი არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამინდს უნივერსიტეტში უშიშროების სამსახური ქმნიდა. პაპავა თვლის, რომ ეს მათთვის არც არასდროს იქნება ცნობილი. 

"რა თქმა უნდა. ეს ყოველთვის ასეა. სტუდენტებს დამახინჯებული ფორმით  აწვდიდნენ ინფორმაციას. ამას ხომ ვიღაცა განგებ აკეთებდა. ამაზე ხელი ადამიანთა შეზღუდულ ჯგუფს მიუწვდებოდა. ბევრი უსაფუძვლო სკანდალი ააგორეს, მაგრამ რას იზამ -აქლემს რომ დაგარქმევენ, მიდი და ამტკიცე რომ არ ხარ".

კითხვაზე, თუ რატომ დატოვა თანამდებობა, პაპავამ თქვა, რომ მისმა გადაწყვეტილებამ უნივერსიტეტს ნაკლები ზიანი მიაყენა და დარჩენაში აზრს ვერ ხედავდა. 

"ჩემი გადადგომის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ  შეუძლებელია იყო  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ამ დროს ქვეყნის პირველი პირი მხარს კი არ გიჭერდეს, არამედ აგრესიულად გეწინააღმდეგებოდეს კიდეც. მეტიც – უშიშროების სამსახურს შენ წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდნენ. ამ დროს თანამდებობაზე ჯიუტად ყოფნას აზრი აღარ აქვს,"- ამბობს ვლადიმერ პაპავა. 

2016 წლის მარტში თსუ-ში გახმაურებული მოვლენების ფონზე, ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა 30 მარტს დატოვა. მის თანამდებობის დატოვებას წინ უსწრებდა მრავალი აქცია აუდიტორია #115-ისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით. სტუდენტურმა თვითმმართველობამ 2-ჯერ დაიწყო შიმშილობა რექტორის გადადგომის მოთხოვნით, თუმცა ვლადიმერ პაპავა ამბობდა, რომ ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. თანამდებობის დატოვების დროს კი, მან თქვა, რომ მისი გადადგომა არც აუდიტორია #115-ის მიზეზით არ მომხდარა და არც სტუდენტური თვითმმართველობის. მან აღნიშნა, რომ პროცესებში სხვებიც იყვნენ ჩარეულები, თუმცა იმ პერიოდში, ამაზე ღიად საუბარი არ სურდა. 

თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ, 23 სექტემბერს უნივერსიტეტის რექტორად განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე, გია შარვაშიძე, აირჩია. 

კომენტარები