გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

თარგამაძე სუს-ის უფროსის მოადგილეს: რატომ არ აქვს ჩემს საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია?

პარლამენტში სუს-ის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძეს "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრმა და ყოფილმა დეპუტატმა გივი თარგამაძემ მის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ჰკითხა, რატომ არ ეძლევა საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია.

გივი თარგამაძე: კონკრეტული კითხვა მაქვს და პასუხი მინდა. აფეთქება განხორციელდა ასაფეთქებელი ნივთიერებით, რომელიც გაჯერებული იყო მეტალის ელემენტებით. აფეთქება მოხდა მთელს მარშრუტზე ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, დაზიანდა 11 ავტომობილი და დაზარალდა 7 ადამიანი, რომელთაგან ერთი უმძიმეს მდგომარეობაშია დღესაც, ოპერაციები ტარდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის გამოსასწორებლად. იმ მომენტში ვიყავი მოქმედი დეპუტატი. ასევე საქმეზე იკვეთებიან პირები, რომლებიც წარსულში გეგმავდნენ და ახორციელებდნენ ტერორისტულ აქტებს, სამხედრო ამბოხს, პოლიციელების და პროკურორის მკვლელობას, ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობას. რატომ არ ეძლევა, თქვენი აზრით, ამ საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია, არ მითხრათ, რომ ეს პროკურატურის პრეროგატივაა, თქვენი აზრი მაინტერესებს. და რატომ არ არის მოწადინებული სუს-ი, მან გამოიძიოს ეს საქმე და არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ალექსანდრე ტაბატაძე: გასაგებია, რამდენადაც თქვენ ჩემი სუბიექტური აზრი უნდა გაინტერესებდეთ, მოცემულობა ასეთი გვაქვს - თქვენს საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 19-109 მუხლით, რომელიც გულისხმობს მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში, გარემოებების გათვალისწინებით, რაც თქვენ თქვით. ამჟამად თქვენს საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველო, როგორც მე მაქვს ინფორმაცია და როგორც ვიცი. ბრალდებულის სახით პასუხისმგებაში მიცემულია კონკრეტული პირი, რომელზედაც გაიმართა სასამართლო და იგი ამჟამად იძებნება. ეს რაც შეეხება თქვენს საქმეს. რა კომენტარი უნდა გავაკეთო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ იძიებს ამას.

გივი თარგამაძე: ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას იმსახურებს ეს საქმე თუ არა?

ალექსანდრე ტაბატაძე: კვალიფიკაციას მე როგორ მივცემ. კვალიფიკაცია მიცემულია, გამოძიება დაწყებულია. ბრალდებულის სახით მიცემულია კონკრეტული პიროვნება პასუხისგებაში.

გივი თარგამაძე: სუს-ი არ უნდა იყოს დაინტერესებული?

ალექსანდრე ტაბატაძე: ამით რამდენადაც არ უნდა იყოს დაინტერესებული, კონკრეტულ მოცემულობასთან გვაქვს საქმე.

ამის შემდგომ, ტაბატაძემ საუბარი დატოვა.

კომენტარები