სომხეთი

სომხეთში ხვალ საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

სერჟ სარგსიანი
euractiv

სომხეთში ხვალ პირველი საპარლამენტო არჩევნები იმართება, მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა ქვეყნის მმართველობის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამჟამად იქ უნიტარული, ნახევრად საპრეზიდენტო წყობილებაა.

წინასწარი კვლევებით, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის რესპუბლიკური პარტია მოწინავე პოზიციას იკავებს.

ანალიტიკოსები საკონსტიტუციო ცვლილებებს ხედავენ, როგორც სარგსიანის ძალისხმევას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. მას საპრეზიდენტო ვადა 2018 წელს ეწურება. თუ მისი პარტია პარლამენტში უმრავლესობით შევა, სავარაუდოდ, სწორედ მას აირჩევენ პრემიერმინისტრად. 62 წლის სარგსიანი კი, რომელიც ქვეყანას 2008 წლიდან მართავს, ბრალდებებს უარყოფს და საკონსტიტუციო ცვლილებებს დემოკრატიის გაძლიერების სურვილით ხსნის. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები ძალაში სწორედ მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებისას შევა.

სარგსიანის პარტიას, კვლევების თანახმად, მოსდევს ბლოკი ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის თავმჯდომარეობით, რომელიც სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია.

წინასწარი კვლევებით, პარლამენტში შესვლას შეძლებენ დაშანკცუტიუნი და სხვა ორი პარტია.

კრიტიკოსების თქმით, მმართველი პარტია მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა პარტიებს, ადმინისტრაციული რესურსისა და პროპაგანდის აქტიური გამოყენებით.

ევროკავშირმა სომხეთს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა შესთავაზა არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩასატარებლად. ამ კვირის დასაწყისში გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირის მისიამ სომხეთში შეშფოთება გამოხატა "ამომრჩეველთა დაშინებისა და ხმების ყიდვის მცდელობებზე ბრალდებებთან დაკავშირებით, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო".

აღსანიშნავია, რომ სომხეთმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და, მის ნაცვლად, 2015 წელს ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანდა, რომელშიც, მის გარდა, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი შედიან.

კომენტარები