თბილისში 3 აპრილიდან მოქალაქეებს ინსპექტორები ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ

pinimg.com

თბილისში 3 აპრილიდან თბილისის ქუჩებში "თბილსერვის ჯგუფის" ინსპექტორები გამოჩნდებიან, რომლებიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ, - ინფორმაცია ტაბულას "თბილსერვის ჯგუფში" მიაწოდეს.

კომპანიაში ტაბულას უთხრეს, რომ ორი კვირის განმავლობაში ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს გააფრთხილებენ, მიუთითებენ მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრაზე და ინფორმაციას მიაწვდიან სანქციებთან დაკავშირებით.

"ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქში ხალხმრავალ ადგილებში წყვილში ივლიან (სულ 20 თანამშრომელი, აქედან 10 ქალბატონი და 10 მამაკაცი) - სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით - პლანშეტებით, სამხრე კამერებით, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტური სიტუაციები", - ამბობენ "თბილსერვის ჯგუფში".

"ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად, გარემოს დანაგვიანება ისჯება კანონით:

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით;

2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარით;

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება - 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას);

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარით;

ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარით;

სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი - 400 ლარით, იურიდიული პირი -1000 ლარით.

"შპს "თბილსერვის ჯგუფი" ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილია შეადგინოს საჯარიმო ოქმი", - უთხრეს ტაბულას კომპანიაში.

კომენტარები