ტერაბანკი

შეიხმა ნაჰაიანმა გაჭიანურებული სასამართლო დავის გამო ტერაბანკი შეიძლება გაყიდოს

შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი
youtube.com

არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავრობის წევრმა, კულტურის, სპორტისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრმა შეიხმა ნაჰაიანმა, შესაძლოა საქართველოში მისი კუთვნილი ყველა აქტივი, მათ შორის ტერაბანკიც გაყიდოს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარემ ფადი ასლიმ გაავრცელა.

საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტერაბანკსა და ერთ-ერთ კლიენტს შორის მიმდინარე დავას ეხება, რომლის გამოც ბანკს $16 მილიონიანი ზარალი მიადგა. ფადი ასლის ინფორმაციით, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე, ვინც ტერაბანკის აქტივები დააყადაღა კორუმპირებულია. ფადი ასლიმ შეიხთან შეხვედრა მარტში გამართა.

"მინდა გითხრათ, რომ შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი ძალიან გაბრაზებულია, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მან მისი აქტივების განმკარგავ პირებს უკვე დაავალა რომ მათ შეწყვიტონ საქართველოში ყველა ტიპის საინვესტიციო პროექტები. ისინი ამ აქტივების გაყიდვის შესახებ ფიქრობენ, მათ საქართველოში ბიზნესის კეთება აღარ უნდათ. გაინტერესებთ რატომ? იმიტომ, რომ ვლადიმერ კაკაბაძე კორუმპირებული მოსამართლეა. დაე დამაკავონ, არ გავჩერდები და ვამტკიცებ, რომ ეს მოსამართლე მართლაც კორუმპირებულია",- ამბობს ფადი ასლი.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ტერაბანკის აქციონერები გაერთიანებული საემიროების სამეფო გვარის წარმომადგენლები არიან.

საერთაშორისო სავაჭრო პალატამ დღეს სასამართლოში კორუფციის გაზრდილ რისკებთან დაკავშირებით, მრგვალი მაგიდა გამართა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. მრგვალ მაგიდაზე ტერაბანკის საქმესთან ერთად თამბაქოს საერთაშორისო ბრენდების დაჯარიმების საქმეებიც განიხილეს.

ფადი ასლის თქმით, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე, რომელმაც თამბაქოს საერთაშორისო ბრენდებს - ფილიპ მორის საქართველოს და ბრითიშ ამერიკან ტობაკოს მრავალმილიონიანი ჯარიმები დააკისრა კორუმპირებულია. 

თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები - ფილიპ მორისი და ბრითიშ ამერიკან ტობაკო ვლადიმერ კაკაბაძემ ქართული კომპანიების - "თბილისის თამბაქოს" (სიგარეტი პირველი) და ომეგა ჯგუფის საჩივარზე დააჯარიმა.  ბრითიშ ამერიკან ტობაკო 270 მილიონი ლარით დაჯარიმდა, ფილიპ მორის საქართველო 92 მილიონი ლარით. აღნიშნული ჯარიმები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოა.

კომენტარები