მარიხუანას ლეგალიზება

რატიანი: დეკრიმინალიზაცია აუცილებელია, ლეგალიზებაზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა

ტაბულა

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის  წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით პარტიაში პოზიციები განსხვავებულია, თუმცა თავად რატიანი მარიხუანას როგორც დეკრიმინალიზაციის, ასევე ლეგალიზაციის მომხრეა.

„მე ვფიქრობ, რომ დეკრიმინალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს. ლეგალიზაციის მიმართულებითაც, მე ვფიქრობ, რომ სრულიად შესაძლებელია ეს გარკვეულწილად რომ განხორციელდეს. პარტიაში, ბუნებრივია, არის განსხვავებული მოსაზრებები, ამაში არაფერია გასაკვირი.“ - ამბობს რატიანი.

რაც შეეხება იმას თუ რომელ პოზიციას მეტი მომხრე ყავს პარტიაში რატიანი, ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა არ ყოფილა, თუმცა ფიქრობს, რომ ლეგალიზაციის მომხრე მეტია.

„მე ვფიქრობ, რომ დეკრიმინალიზაციასთან მიმართებით ერთმნიშვნელოვნად არის პარტიაში ჩამოყალიბებული პოზიცია. რაც შეეხება ლეგალიზაციას, ამასთან დაკავშირებით, რომ გითხრათ კენჭისყრა გვქონდა ამასთან დაკავშირებით [ვინ უფრო მეტია, ლეგალიზაციის მომხრე თუ მოწინააღმდეგე], არა. არის კონკრეტული ჯგუფი, რომელიც უფრო მეტად ემხრობა ამას და არსებობს მოსაზრება, რომ  პირიქით. მე ვფიქრობ, უმრავლესობა მაინც უფრო ემხრობა იმას, რომ მზად არის ქვეყანა ლეგალიზებისთვის.“ - ამბობს რატიანი.

პარტიის წევრებს კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით მას შემდეგ დავუსვით რაც  გუშინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში,  ევროპული საქართველოს წევრმა გიგი წერეთელმა თქვა, რომ „საქართველო  ნარკოტიკების ლეგალიზაციისთვის მზად არ არის და არც იქნება კარგა ხანს.“

თავად გიგი წერეთლის ჩაწერა ამ თემასთან დაკავშირებით ვრცლად ტაბულამ ჯერ ვერ მოახერხა, თუმცა მოკლე კომენტარში მან აღნიშნა, რომ არა კონკრეტულად მარიხუანის, არამედ ზოგადად ნარკოტიკები ლეგალიზაციაზე საუბრობდა.

კომენტარები