გერმანია

მარტინ შულცი ანგელა მერკელს არჩევნებში დაუპირისპირდება

მარტინ შულცი და ანგელა მერკელი
Reuters

გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ახალ თავმჯდომარედ (SPD) ევროპარლამენტის ყოფილ პრეზიდენტი მარტინ შულცი აირჩია. შულცი სექტემბერში დაგეგმილ არჩევნებზე ქვეყნის მოქმედ კანცლერს, ანგელა მერკელს დაუპირისპირდება.

მარტინ შულცმა სოციალ-დემოკრატების ყრილობის 605 დელეგატიდან 605-ივე ხმა აიღო, რითიც პარტიის ისტორიაში ყველაზე მაღალი მხარდაჭერით არჩეული თავმჯდომარე გახდა.

"ვფიქრობ, ეს შედეგი დასაწყისი იქნება იმისა, რომ გერმანიის კანცლერის თანამდებობას დავიკავებ", - განაცხადა მარტინ შულცმა.

19 მარტს გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, შულცის მემარცხენე ცენტრისტული პარტიის (SPD) მხარდაჭერა 32%-ია, ანგელა მერკელის კონსერვატორული ალიანსის (CDU/CSU) მხარდაჭერა კი 33%-ია. იმ შემთხვევაში თუ SPD არჩევნების წინ ალიანსს შექმნის მკვეთრად მემარცხენე პარტიებთან: Die Linke-სთან ან მწვანეებთან, რომლებსაც თანაბარი 8-8%-იანი მხარდაჭერა აქვთ მას კოალიციის მეშვეობით გამარჯვების მაღალი შანსები ექნება.

რაც შეეხება პოლიტიკოსთა რეიტინგებს, კვლევის მიხედვით, ანგელა მერკელის რეიტინგი 46%-ზეა, მარტინ შულცის რეიტინგი კი 38%-ია.

არსებული მდგომარეობით, 630 ადგილიანი ბუნდესტაგის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  • ქრისტიან-დემოკრატები CDU - 254 ადგილი
  • ქრისტიან სოციალისტური კავშირი SCU (მერკელის კოალიცია) - 56 ადგილი
  • სოციალ-დემოკრატები SPD - 193 ადგილი
  • მწვანეები - 64 ადგილი
  • მემარცხენეები - 63 ადგილი

საპარლამენტო არჩევნები 24 სექტემბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები