სირიის კრიზისი

UNICEF: 2016 წელს სირიაში სულ მცირე 652 ბავშვი დაიღუპა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

Reuters

UNICEF-ის ცნობით, 2016 წელს სირიაში სულ მცირე 652 ბავშვი დაიღუპა, მათგან 255 სკოლაში ან სკოლის შენობასთან ახლოს ყოფნისას. 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, დაღუპული ბავშვების რაოდენობა 20 %-ით არის გაზრდილი.

6-წლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში, კონფლიქტის ზონაში დაღუპული ბავშვების 2016 წლის მონაცემები რეკორდულია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათი რიცხვები ოფიციალურად დადასტურებულ მონაცემებს ეყრდნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა უფრო მაღალი იყოს.

UNICEF-ის ცნობით, 850-ზე მეტ ბავშვს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება აიძულეს, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, ორჯერ მეტია. ბავშვებს იყენებდნენ ფრონტის წინა ხაზზე, ექსტრემალურ შემთხვევებში, ტყვეთა დასჯის მონაწილეებად, თვითმკვლელ ტერორისტებად და ა.შ.

2.3 მილიონი ბავშვი სირიიდან გამოყვანილია, თუმცა ქვეყანაში ამ დრომდე რჩება 2.8 მილიონი ბავშვი, რომლებიც ორგანიზაციის შეფასებით ყველაზე დაუცველნი არიან. მათგან 280 000 ალყაში მყოფ ტერიტორიაზე ცხოვრობს. უფრო დიდი ნაწილი კი - რთულად მისადგომ ადგილებში.

კომენტარები