შსს

შსს: გარდაბანში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ

police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გარდაბანში ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. 

შსს-ის ცნობით, დაკავებულია ორი პირი. დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ "ტტ"-ს და მაკაროვის სისტემის პისტოლეტები და 15 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.მ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ე.ჰ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, გარდაბანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული გარდაბანში იმ დროს დააკავეს, როდესაც ოქტომბრის ქუჩაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დაკავებულების მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 11 წლამდე. 

კომენტარები