კრიმინალი

10 თვის გოგონას ცემაში ბრალდებულ ძიძას პირობითი სასჯელი მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 თვის გოგონას ცემაში ბრალდებული ძიძა დამნაშავედ ცნო. მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობით 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. გარდა ამისა, სასამართლოს ცნობით, მსჯავრდებულს 2 წლით აეკრძალა არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი საქმიანობის უფლება.

საქმის მასალების თანახმად, "2016 წლის 10 ნოემბერს, თბილისში ძიძამ 10 თვის გოგონას თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახი დაზიანებები მიაყენა, რამაც მცირეწლოვანის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია". გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე მიმდინარეობდა (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით). მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

სასამართლოს ცნობით, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ბრალი აღიარა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით ელენე ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით", - აცხადებს სასამართლო.

კომენტარები