თბილისის მერია

მერია: 1 მარტიდან, N87 წრიულ მარშრუტზე ახალი ავტობუსები იმოძრავებს

თბილისის მერია

თბილისის მერიის ცნობით, 1 მარტიდან, ახალი ავტობუსები N87 წრიულ მარშრუტზე (ბარათაშვილი-საბურთალო-ვაკე-ბარათაშვილი) იმოძრავებს და ერთ წრეზე, 240-ის ნაცვლად, 425 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. გამოთავისუფლებული ყვითელი ავტობუსები სხვა მარშრუტებზე გადანაწილდება.


ფოტო: თბილისის მერია

„თბილისის მერია აგრძელებს ავტობუსების პარკის ჩანაცვლების პროცესს, რომლის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა უბნის სამარშრუტო ხაზებზე, განსაკუთრებით შორ დისტანციებზე, ყვითელი „ბოგდანების“ თანამედროვე ლურჯი ავტობუსებით ჩანაცვლება მიმდინარეობს. ამჟამად, N1 ავტობაზაზე წარმოდგენილია „მანის“ ავტობუსების ახალი ნაკადი, რომელთა გაშვება მოხდება წრიულ სამარშრუტო ხაზზე. აღნიშნული ავტობუსები ბარათაშვილის ხიდიდან მოემსახურება ვაკის და საბურთალოს ტერიტორიებს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ.

აღსანიშნავია, რომ ახალ ავტობუსებში, ძველ სალარო აპარატებთან ერთად, გადახდის ახალი სისტემა მოქმედებს. ის ბილეთს არ ბეჭდავს, მხოლოდ ბარათს ატარებს. 

დღეისათვის ახალი ლურჯი ავტობუსები N37, N51 და N61 მარშრუტებს ემსახურება.

კომენტარები