დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

პროკურორი: უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩნდა, როდესაც ჩვენება მოვისმინეთ

დეკანოზი გიორგი მუმლაძე

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეისთვის დასრულებულია. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, დეკანოზისთვის ყველა კითხვის დასმა ვერ მოესწრო, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაგრძელდება დაკითხვის პროცესი.

"დადებითად ვაფასებთ იმ მოვლენას, რომ ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტა ბრალდებულმა ჩვენების მოცემა. გამოძიების მიზანია სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება და რეალური გარემოებების დადგენა.

ბრალდებულმა მოგვცა ჩვენება, მაგრამ ვინაიდან ის ვრცელ ინფორმაციას გვაწვდის, სრულყოფილად ვერ მოხერხდა ყველა შეკითხვის დასმა. გაგრძელდება დაკითხვა აუცილებლად, დავსვამთ ყველა შეკითხვას, საკმაოდ ბევრი შეკითხვა გვაქვს და კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩნდა, როდესაც ჩვენება მოვისმინეთ. ბრალდებულს მოუწევს, ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. შესაძლებელია, ხვალაც დასრულდეს დაკითხვა. პირველივე შესაძლებლობისთანავე გაგრძელდება", - თქვა პროკურორმა.

წიკლაურის თქმით, "სანამ არ დასრულდება ინფორმაციის მიღება სრულყოფილად, არასერიოზულია სამართლებრივი შეფასების გაკეთება, მათ შორის ადვოკატების მხრიდან".

შეგახსენებთ, რომ, პროკურატურის ვერსიით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერება ციანიდით 10 თებერვალს დააკავეს, როდესაც ის გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც იმ დროისთვის პატრიარქი მკურნალობდა. უწყება 13 თებერვალს ამტკიცებდა, რომ დეკანოზი "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მკვლელობას გეგმავდა. ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებმაც გაამძაფრა აზრი, რომ პატრიარქის მკვლელობა იყო დაგეგმილი. 27 თებერვალს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ამტკიცებდა, რომ 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე არ უსაუბრია. დეკანოზის ადვოკატის თქმით, ბრალდება გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავება.

კომენტარები