პრეზიდენტი: 1921 წლის თებერვლის ბრძოლის ადგილზე სანგრები ტურისტული მიზნით აღდგება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა ტაბახმელაში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, იგეგმება ყველაზე მძიმე ბრძოლის ადგილის არქეოლოგიური შესწავლა და არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობის პირვანდელი სახით აღდგენა. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელდება.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აღდგენილი სანგარი გახდება ახალი ტურისტული მარშრუტი და ხელს შეუწყობს მომავალი თაობების დაინტერესებას საქართველოს სამხედრო ისტორიით.

„დღეს ჩვენ ვდგევართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისაგან. აქ იდგებიან ჩვენი შთამომავლები, იმიტომ რომ ეს ქვეყანა, ეს მიწა-წყალი ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი და ყოველთვის პატივს მიაგებს იმ გმირებს, ვინც დაიცვა ჩვენი სამშობლო. აქ მიმდინარეობდა ის ბრძოლები, რომელიც თბილისის აღებამდე ბოლო ბარიერი იყო და ჩვენ ვაპირებთ აი აქ, იმ შემაღლებებზე, სადაც სანგრები იყო და სადაც ჩვენი სახელოვანი მამულიშვილები იცავდნენ დედაქალაქს, აღვადგინოთ ამ სანგრების ნაწილი, რათა ახალგაზრდებმა, ტურისტებმა და ჩვენ ყველამ ვნახოთ კონკრეტულად, სადაც იბრძოდნენ და სამშობლოსთვის თავს სწირავდნენ ჩვენი ქვეყნის დამცველები”,  - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იუნკერების მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.

დღესვე, გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალი გაიხსნა. მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს.

დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიიდან და ოკუპაციიდან 96 წელი გავიდა.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

ანექსიის შედეგად ქვეყანაში დამყარებულმა კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა საქართველოს ასეულობით მოქალაქე.

საქართელოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

კომენტარები