ე.წ. ციანიდის საქმე

საპატრიარქომ ე.წ ციანიდის საქმეზე პროკურატურას ნდობა გამოუცხადა

პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საგამოძიებო სტრუქტურებს ნდობა გამოუცხადა. ამის შესახებ მამა მიქაელმა (ბოტკოველი) მედიასთან საუბრისას განაცხადა.

"საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა მისი უწმინდესობის და საქართველოს პრემიერმინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები, დიდი ჯგუფი ეკლესიის მღვდელმთავრების. შეხვედრაზე, აგრეთვე, იმყოფებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი. ჩვენ მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დეკანოზ მამა გიორგისთან მიმართებაშია დაკავშირებული. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს. გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი და სადაც აუცილებლად იქნება ჭეშმარიტება ასახული. ასე რომ, დღეს, ამ შეხვედრით შემოვიფარგლეთ," - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა. 

მამა მიქაელმა საზოგადოებას მოუწოდა, არ დაიწყონ აღნიშნული საქმით სპეკულირება, დაელოდონ და ენდონ გამოძიებას.

"მე მინდა, გთხოვოთ და თქვენი ეთერის საშუალებით მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ ნუ დაიწყებენ ამ საკითხით სპეკულირებას, მივცეთ საშუალება საგამოძიებო სტრუქტურებს, აწარმოონ შესაბამისი საქმიანობა, ადვოკატებმა დაიცვან თავიანთი დასაცავი პირი, ბრალდებულმა გააკეთოს შესაბამისი შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი კომენტარები და მისი აზრი ამ ბრალდებასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო იქნება. მოკლედ, ველოდებით მოვლენების ამდაგვარად განვითარებას. მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ვენდოთ გამოძიება და დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას," - თქვა მამა მიქაელმა. 

მისივე თქმით, დღეს საქართველოს საპატრიარქოში მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მისვლა ემსახურებოდა იმას, რომ ილია მეორესა და სინოდის წევრებს უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ საქმესთან დაკავშირებით. 

"სინოდის წევრებს და მის უწმინდესობას ჰქონდათ სურვილი, ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ გენერალური პროკურორისაგან. ამიტომაც, ბატონი ირაკლი იმყოფებოდა საქართველოს საპატრიარქოში. მათ იმსჯელეს ამ საკითხებზე და რამდენადაც შესაძლებელი და აუცილებელი იყო წმინდა სინოდის წევრებისათვის, მისი უწმინდესობისათვის ინფორმაციის გაზიარება, საგამოძიებო სტრუქტურებმა ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წუთისთვის ვერ შევაფასებთ, ვერ ვიტყვით მამა გიორგის ბრალეულობის ხარისხს, უნდა დაველოდოთ გამოძიებას და უნდა დაველოდოთ იმ დასკვნებს, რომელსაც დადებს საგამოძიებო სტრუქტურა".

პროკურატურამ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". 

18 თებერვალს საქართველოს მთავარ პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა - პატრიარქის. 

აღსანიშნავია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარეს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი და ისინი საქმის შინაარსზე ვერ საუბრობენ. ადვოკატებმა პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართეს, მოუხსნას დაწესებული შეზღუდვები.

მთელი დღის განმავლობაში საქართველოს საპატრიარქოში ილია მეორე, მღვდელმთავრებთან ერთად, ე.წ. სინოდის საქმეზე მსჯელობდნენ. საპატრიარქოში ჯერ პრეზიდენტი მარგველაშვილი მივიდა, ხოლო მოგვიანებით პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე და ვიცეპრემიერმინისტრები, კახი კალაძე და ალექსანდრე ჯეჯელავა. 

კომენტარები