შაჰინის სკოლა

სასამართლომ შაჰინის სკოლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

25-ე არხი

თბილისის საქალაქო სასამართლომ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის შეჩერების თაობაზე, რომლის მიხედვით, სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე, შაჰინის სკოლაში სასწავლო პროცესი არ გაგრძელდება.

როგორც ტაბულას სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა უთხრა, დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. გარდა ამისა, ელგუჯა დავითაძის თქმით, სკოლა ასევე ეძებს გზებს ახალი ავტორიზაციის მოპოვებისთვის.

„ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი და მოვითხოვეთ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება. სასამართლომ სარჩელი მიიღო წარმოებაში, თუმცა არ დააკმაყოფილა აქტის მოქმედების შეჩერების საკითხი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ შევწყვიტოთ სასწავლო პროცესი მანამ, სანამ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება. ჩვენ გვაქვს 12 დღის ვადა გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. თუმცა, მოსწავლეები ვალდებულნი არიან დატოვონ სკოლა და გადავიდნენ სხვა სასწავლებლებში. საქმის მოგების შემთხვევაში, სკოლა სასწავლო პროცესს განაახლებს. გარდა ამისა, ვეძებთ გზებს ახალი ავტორიზაციის მოპოვებისთვის, რათა ახალი სასწავლო წლიდან მაინც გვქონდეს უფლება გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი“, - ამბობს ტაბულასთან ელგუჯა დავითაძე.

მისივე თქმით, სკოლა ბოლომდე იბრძოლებს და სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავს. გარდა ამისა, ელგუჯა დავითაძის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ავტორიზაციის გაუქმება პოლიტიკური და დისკრიმინაციულია.

„თავიდანვე არსებობდა ეჭვი, რომ ეს ყველაფერი გადავიდა პოლიტიკურ ჭრილში, რადგან ამ საკითხების დაწყებამდე მედიაში, განსაკუთრებით თურქულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველო მზად იყო ეს სკოლები დაეხურა. ეს ეჭვი უფრო განამტკიცა იმან, რომ ჯეჯელავამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მეზობელი სახელწიფოსგან იყო მოთხოვნა ამ სკოლების დახურვასთან დაკავშირებით“, - ამბობს დავითაძე ტაბულასთან.

ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია მიმდინარე წლის 3 თებერვალს გაუუქმდა. განათლების სამინისტროს ცნობით, კერძო სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების მიზეზი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებია. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრში ამბობენ, რომ სკოლაში ბავშვების ჩარიცხვებთან დაკავშირებით კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევები გამოიკვეთა. კერძო სკოლის დირექცია და პედაგოგები ავტორიზაციის გაუქმებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათ სკოლაში დარღვევები არ ყოფილა.

2017 წლის 13 თებერვალს, სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლამ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა და სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოითხოვა ამავე აქტის შეჩერება, რათა მოსწავლეებმა სკოლაში სწავლის გაგრძელება შეძლონ. დღეს სასამართლომ შაჰინის სკოლის სწორედ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აქტი არ შეაჩერა.

აღსანიშნავია, რომ სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების ფაქტს სწავლობს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი. TDI მიიჩნევს, რომ ბათუმში, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, „ზოგადი განათლების შესახებ კანონთან“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონთან და სხვა შესაბამის ნორმატიულ აქტებთან.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა, იასინ თემიზქანმა, თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შეფასებისას თქვა, რომ ბათუმში, შაჰინის სკოლა-ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

"ეს ხალხი საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით იმაგრებს, ზრდიან თაობებს, რომელიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები, ერთ-ერთი შაჰინის სკოლა-ლიცეუმია. მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ნუ გაუშვებთ ბავშვებს ამ სკოლაში. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციის სკოლები დაიხუროს," - განაცხადა თემიზქანმა "ტელეარხ 25"-თან საუბრისას. 

კონსულის მაშინდელი განცხადებით, შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეთულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით, გიულენს კი, თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გადატრიალების მცდელობის მთავარ ავტორად ასახელებს. 

ორი დღის შემდეგ ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, რომლის ცნობითაც, თურქეთის ელჩმა განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები მედიაში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.

კომენტარები